ზურაბ დათუნაშვილის ოქროს ფინიში

07 მაისი 2017

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართული ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოქროს მედალი მოიპოვა საქართველოს ნაკრების ლიდერმა ზურაბ დათუნაშვილმა (80 კგ). მან ფინალში უაღრესად დაძაბული ბრძოლა მოუგო ბელორუს რადიკ კულიევს - 4:2.

ფინალამდე დათუნაშვილმა სამი შეხვედრა გამართა: მერვედფინალში დაამარცხა ბულაგრელი დანიელ ალექსანდროვი (3:2), მეოთხედფინალში ჩეხ პეტერ ნოვაკს წუთსა და 17 წამში აჯობა, ნახევარფინალში კი 2:1 მოუგო რუსეთის ნაკრების წევრს ადლან აკიევს.

ზურაბ დათუნაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. შარშან მან 75 კგ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა, ამჯერად კი ზედა წონაშიც საუკეთესო იყო.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა სერბეთში  სულ 3 მედალი აიღეს - 1 ოქრო და 2 ბრინჯაო. გუშინ ევროპოდიუმის მესამე საფეხურზე ავიდნენ გოგა გოგიბერაშვილი (66 კგ) და ლევან არაბული (130 კგ).