სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის მილოცვა და მოკლე კომენტარი

08 მაისი 2017

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში დამთავრებულ ევროპის 2017 წლის ჩემპიონატში წარმატებით გამოვიდნენ ქართველი ფალავნები, რომლებმაც ჯამში ოქროს 2 და ბრინჯაოს 5 მედალი მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონები გახდნენ ვლადიმერ ხინჩეგაშვლი (თავისუფალი ჭიდაობა) და ზურაბ დათუნაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), მესამე ადგილები დაიკავეს ზურაბ იაკობიშვილმა, ელიზბარ ოდიკაძემ, გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა), გოგა გოგიბერაშვილმა და ლევან არაბულმა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).

ნოვი სადში გამართულ ევროპირველობას ესწრებოდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი:

_ პირველ ყოვლისა, ოლიმპიური კომიტეტის სახელით წარმატებას ვულოცავ ჩვენს ფალავნებს, მწვრთნელებს, ჭიდაობის ფედერაციას. ჩვენი მოჭიდავეეებისთვის ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი შეჯიბრება რიოს ოლიმპიადის შემდეგ და მისასალმებელია, რომ ახალი ოლიმპიური ციკლი კარგად დავიწყეთ. ასევე სასიხარულოა, რომ ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მოპოვება შეძლეს ქართველმა ძიუდოისტებმა. აქვე მინდა გამოვყო ჩვენი ძალოსნების და მოფარიკავეების წლევანდელი ევროპული წარმატება.

ჩვენ წინ გველოდება ხანგრძლივი, მეტად საინტერესო და შრომატევადი წინასაოლიმპიადო პერიოდი. 2020 წლის ოლიმპიურ გამარჯვებებს სწორედ ახლა ეყრება საფუძველი, ამიტომაც უაღრესად მნიშვნელოვანია სწორად დავგეგმოთ და განვახორციელოთ მზდების მთელი პროცესი.

 ბუნებრივია, რომ ჩვენს ნაკრებ გუნდებში ახლა მიდის განახლების პროცესი. ასეა მოჭიდავეების შემთხვევაშიც. სერბეთში არაერთ დებიუტანტს მიეცა თავის გამოჩენის საშუალება. ჩემი დაკვირვებით, რამდენიმე იმედისმომცემი ფალავანი შემოგვემატა, რომლებიც შეძლებენ გუნდში დამკვიდრებას და ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვებას. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ნოვი სადში პრიზიორთა შორის უმეტესად გამოცდილი სპორტსმენები მოხვდნენ. თითოეულ მედალოსანს კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ წარმატებას. მათ საკმაოდ რთული კონკურენციის პირობებში აჩვენეს მაღალი სპორტული შედეგი. იმედია, წარმატებები გვექნება მომავალ მნიშვნელოვან შეჯიბრებებშიც.