„პარიზი 2024"-ის საორგანიზაციო კომიტეტმა მაკრონს საფრანგეთის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

08 მაისი 2017

„პარიზის საორგანიზაციო კომიტეტის სახელით ვულოცავთ ემანუელ მაკრონს საფრანგეთის პრეზიდენტად არჩევას. დარწმუნებული ვართ, ახალი პრეზიდენტი 2024 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე პარიზის განაცხადის მხარდამჭერი იქნება და გადამწყვეტ როლს ითამაშებს, რათა საფრანგეთმა უმასპინძლოს 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადას," - ნათქვამია საორგანიზაციო კომიტეტის მისალოც განცხადებაში.

„პარიზი-2024"-ის საორგანიზაციო გუნდი დიდ იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტ მაკრონთან ნაყოფიერად ითანამშრომლებენ  სოკ-ის სესიამდე, სადაც უნდა გაირკვეს 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლის ვინაობა: „პრეზიდენტი მაკრონი აცნობიერებს სპორტის ძალას და იმას, რომ ოლიმპიური თამაშები გახდება სტიმული რეალური  ცვლილებებისა. ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობით მთელ მსოფლიოს და ოლიმპიურ ოჯახს დავუმტკიცებთ, რომ პარიზი ღირსეული კანდიდატია."

14-16 მაისს პარიზს ეწვევიან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შეფასების კომისიის წევრები, რომლებიც, სავარაუდოდ, შეხვდებიან საფრანგეთის ახალ პრეზიდენტსაც. ასევე სავარაუდოა, რომ სოკ-ის წევრების პარიზში ვიზიტამდე პრეზიდენტ მაკრონთან კომუნიკაცია ექნება სოკ-ის პრეზიდენტ თომას ბახს.

2017 წლის 13 სექტემბერს პერუს დედაქალაქ ლიმაში გაიმართება სოკ-ის 130-ე  სესია, სადაც გადაწყდება, რომელი ქალაქი  გახდება 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მასპინძელი - პარიზი თუ ლოს ანჯელესი.