ლოს-ანჯელესის მერის ახალი განცხადება

10 მაისი 2017

ლოს-ანჯელესის მერმა ერიკ გარსეტიმ მხარი დაუჭირა სოკ-ის გეგმას 2024 და 2028 წლების ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქების ერთდროულად დასახელების შესახებ, თუმცა იმედი აქვს, რომ 2024 წლის თამაშების ჩატარების უფლებას ლოს-ანჯელესი მიიღებს და არა პარიზი.

არადა, დაახლოებით ორი თვის წინ ერიკ გარსეტი დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ  ლოს-ანჯელესს მხოლოდ 2024 წლის თამაშების მასპინძლობა სურდა და სხვა სცენარს არც განიხილავდა.  ვითარება მას შემდეგ, შეიცვალა, რაც  ფავორიტად სულ უფრო აქტიურად იკვეთება პარიზის კანდიდატურა და ლოს-ანჯელესმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა სათადარიგო ვარიანტიც დაიტოვოს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავინდებურად ვიბრძვით 2024 წლის ოლიმპიადისთვის. ჩემი აზრით, ჩვენ წარვადგინეთ საუკეთესო განაცხადი თანამედროვე ოლიმპიური თამაშების მთელი ისტორიის განმავლობაში. კარგი იქნება, თუ ლოს-ანჯელესის მაგალითზე ოლიმპიურ მოძრაობაში გაჩნდება  პრეცედენტი ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი თამაშების ჩატარებისა," - აცხადებს გარსეტი.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს 2017 წლის მარტის სხდომაზე პრეზიდენტ თომას ბახის  ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი სოკ-ის 4 ვიცე-პრეზიდენტის შემადგენლობით. ამ ჯგუფმა უნდა შეიმუშაოს მასპინძლობაზე განაცხადის წარდგენის წესის რეფორმირების წინადადებები, მათ შორის - ე.წ.  „ორმაგი" არჩევნების შესაძლებლობა. სამუშაო ჯგუფი თავის რეკომენდაციებს წარადგენს ლოზანაში 11-12 ივლისს დაგეგმილ  კანდიდატი ქალაქების პრეზენტაციაზე.  რაც შეეხება უშუალოდ არჩევნებს, ის გაიმართება 2017 წლის 13 სექტემბერს ლიმაში (პერუ), სეოკ-ის 130-ე სესიაზე.