სოკ-ის კომისია ლოს-ანჯელესსა და პარიზში

10 მაისი 2017

სოკ-ის შეფასების კომისიის სამუშაო ვიზიტი ორ კანდიდატ ქალაქში 2024 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლის შესარჩევი სამეტაპიანი პროცესის კულიმინაციაა.

სოკ-ის შეფასების კომისია სამ-სამ დღეს დაჰყოფს ლოს-ანჯელესსა და პარიზში. ლოს-ანჯელესში დღეს დაწყებული  ვიზიტი 12 მაისს დასრულდება, 14-16 მაისს კი კომისია პარიზში იმუშავებს. ვიზიტის ფორმატი ორივე ქალაქისთვის ერთნაირია: პირველ დღეს დეტალურად განიხილავენ მასპინძელი ქალაქის შეთავაზებებს, მეორე დღეს დაგეგმილია სპორტული ობიექტების მონახულება და სხვა სახის ვიზიტები, ხოლო მესამე,  დასკვნითი დღე დაეთმობა შემაჯამებელ სხდომას.

შეფასების კომისია შეისწავლის, თუ რამდენად აკმაყოფილებს მასპინძელთა მიერ შეთავაზებული პირობები ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად საჭირო მოთხოვნებს და ასევე, ემსახურება თუ არა ის ქალაქების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გრძელვადიან მიზნებს. 

„ჩვენ გვყავს ორი შესანიშნავი კანდიდატი, - აცხადებს სოკ-ის შეფასების კომისიის თავმჯდომარე პატრიკ ბაუმანი, -  ჩვენ არ ვატარებთ ექსპერტიზას, უბრალოდ, გვსურს, ადგილზე გავეცნოთ შემოთავაზებულ წინადადებებს".

ვარაუდობენ, რომ პარიზში სოკ-ის კომისიის წევრებს შეხვდება საფრანგეთის ახალარჩეული პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

შეფასების კომისიის დასკვნას სოკ-ი ლოზანაში 5 ივლისს მოისმენს. დასკვნა ასევე გამოქვეყნდება სოკ-ის ვებ-გვერდზე, მას შემდეგ, რაც მას სოკ-ის წევრები გაეცნობიან. ორივე კანდიდატ ქალაქს ექნება შესაძლებლობა კომისიის დასკვნაზე  სოკ-ს მიაწოდოს შეფასებები, რათა  ლოზანაში 11-12 ივლისს გასამართ სოკ-ის ბრიფინგზე, სადაც დაგეგმილია კანდიდატი ქალაქების პრეზენტაცია,  მოხდეს მათი სრულყოფილი წარდგენა.

რომელი ქალაქი უმასპინძლებს 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებს - პარიზი თუ ლოს-ანჯელესი, ეს  ცნობილიგახდება 2017 წლის 13 სექტემბერს.