ემანუელ მაკრონი: „აბსოლუტურ მხარდაჭერას ვუცხადებ პარიზი-2024-ს"

12 მაისი 2017

საფრანგეთის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან თომას ბახთან სატელეფონო საუბრისას „აბსოლუტური მხარდაჭერა" გამოუცხადა პარიზი-2024-ს და იმედი გამოთქვა, რომ შვიდი წლის შემდეგ ზაფხულის ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებს საფრანგეთის დედაქალაქი უმასპინძლებს. მაკრონმა სოკ-ის პრეზიდენტს გაუზიარა თავისი კეთილგანწყობა პარიზი-2024-ის მიმართ და აღნიშნა, რომ საფრანგეთი ოდითგანვე ოლიმპიური მოძრაობის ერთგული ქვეყანა იყო.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ემანუელ მაკრონი შეხვდება სოკ-ის შეფასების კომისის წევრებს, რომლებიც 14 მაისს სამდღიანი ინსპექტირებისთვის პარიზში ჩავლენ. სწორედ 14 მაისს გაიმართება მაკრონის იანაუგურაცია და პრეზიდენტის რანგში ეს იქნება მისი პირველი ოფიციალური სამუშაო შეხვედრა, რომელსაც, სავარაუდოდ, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიც დაესწრება.

პარიზი-2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ტონი ესტანგე აცხადებს, რომ „ემანუელ მაკრონი თავიდანვე მხარს უჭერდა პარიზის საოლიმპიადო განაცხადს. ის ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენდა ჩვენი გეგმების და იმ შესაძლებლობების მიმართ, რომელიც ამ პროექტის გამარჯვებას მოაქვს. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ მან გამონახა დრო, რათა ინაუგურაციამდე გასაუბრებოდა თომას ბახს და სრული მხარდაჭერა გამოეხატა პარიზი-2024-ისთვის. ბატონმა მაკრონმა, რომელიც ახალი თაობის ლიდერია, დაგვიდასტურა, რომ ის შეხვდება სოკ-ის შეფასების კომისიას და ბოლომდე აქტიურად დაუჭერს მხარს პარიზის კანდიდატურას."  

სოკ-ის შეფასების კომისია, რომელსაც შვეიცარიელი პატრიკ ბაუმანი ხელმძღვანელობს, ამჟამად პარიზის კონკურენტ ქალაქში - ლოს-ანჯელესში მუშაობს.