მინსკი 2019 წლის მეორე ევროპული თამაშებისთვის ემზადება

12 მაისი 2017

ბელორუსის დედაქალაქ მინსკში მუშაობას შეუდგა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების საკოორდინაციო კომისია, რომელიც შეისწავლის 2019 წლის მეორე ევროპული თამაშებისთვის მზადების მომდინარეობას. კომისიის წევრებს უმასპინძლეს ბელორუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ანდრეი ასტაშევიჩმა, ბელორუსის სპორტისა და ტურიზმის მინისტრმა ალექსანდრ შამკომ, მინსკი-2019-ის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებმა.

ბელორუსის ეოკ-ის შტაბ-ბინაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს შეჯიბრების პროგრამაზე, ევროთამაშების ჩატარების კონტრაქტზე, ტურნირის დირექციის ფუნქციონირებაზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

„ორი წლის შემდეგ მინსკი უმასპინძლებს მეორე ევროპულ თამაშებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მეტად საპატიო და საპასუხისმგებლო საქმეა, _ განაცხადა ანდრეი ასტაშევიჩმა, _ მომავალ თამაშებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ის ფაქტი, რომ უმეტეს სპორტის სახეობებში გაიცემა 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ევროთამაშებმა უმაღლეს დონეზე ჩაიაროს."

დისკუსიაში მონაწილეობდნენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების საკოორდინაციო კომისის თავმჯდომარე სპიროს კაპრალოსი, თავმჯდომარის მოადგილე ზლატკო მატეშა და კომისიის სხვა წევრები. სპიროს კაპრალოსმა, რომელიც ამავე დროს საბერძნეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტია, აღნიშნა, რომ „ეს არის კომისიის პირველი ვიზიტი მინსკში მას შემდეგ, რაც ამ ქალაქმა მიიღო ევრო-2019-ის მასპინძლობის უფლება. ექსპერტების ჯგუფი გაანალიზებს გაწეულ მუშაობას, განიხილავს თამაშების პროგრამის სპორტულ ნაწილს, მოინახულებს სპორტულ ობიექტებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს საორგანიზაციო კომიტეტისთვის."

დღეს ევროკომისიის წევრებმა დაათვალიერეს მინსკის სპორტის სასახლე, „დინამოს" სტადიონი (სადაც გაიმართება თამაშების გახსნა-დახურვის ცერემონიალები), საფეხბურთო მანეჟი და სხვა სპორტული ობიექტები.

ბელორუსმა მეორე ევროპული თამაშების მასპინძლობის უფლება ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურ ასამბლეაზე მიიღო, რომელიც 2016 წლის ოქტომბერში მინსკში გაიმართა.

პირველ ევროპულ  თამაშებს   2015 წლის 12-28 ივნისს ბაქომ უმასპინძლა. ბაქოში საქართველო წარმოდგენილი იყო 104 სპორტსმენით. ისინი გამოვიდნენ სპორტის 13 სახეობის 17 დისციპლინაში. მედლების რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი დელეგაცია ბაქოში საკმაოდ წარმატებულად გამოვიდა - 16 მედალი მოიპოვა (მათ შორის - 2 ოქრო) და ამ ნიშნით 50 ქვეყანას შორის მე-14 შედეგი აჩვენა, ხარისხობრივი მაჩვენებელით კი ჩვენ საბოლოო ცხრილში 21-ე ადგილზე გავედით.