ევროკომისია კმაყოფილია: „ჩვენ ჩავატარებთ ბრწყინვალე ევროპულ თამაშებს"

14 მაისი 2017

„ახლა უფრო თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ  2019 წელს ჩვენ ჩავატარებთ ბრწყინვალე ევროპულ თამაშებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ბელორუსები სპორტული ხალხია. მინსკში ჩვენ გვაჩვენეს პირველი კლასის სპორტული არენები. „დინამოს" სტადიონი ჯერ კიდევ არ არის მზად, მაგრამ დღეს აქ ბევრი ადამიანი მუშაობს და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება შესანიშნავი სპორტული არენა. გარკვეული შენიშვნები გვაქვს სტუდენტურ სოფელთან დაკავშირებით, სადაც ევროპელი სპორტსმენები იცხოვრებენ. აქ საჭირო იქნება გარკვეული ცვლილებები. ჩვენი სურვილია, რომ ბელორუს სტუდენტებს ევროთამაშებისგან დარჩეთ საუკეთესო მემკვიდრეობა."

ეს განცხადება ევროპის ოლიმპიური კომიტეტების საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარემ სპიროს კაპრალოსმა მას შემდეგ გააკეთა, რაც კომისიის წევრებმა მინსკის სპორტული ობიექტები მოინახულეს. 

კომისიის წევრებმა შეისწავლეს 2019 წლის მეორე ევროპული თამაშებისთვის მზადების მიმდინარეობა და ნანახით კმაყოფილნი დარჩნენ. როგორც კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ზლატკო მატეშამ აღნიშნა, მინსკში უკვე არის თამაშებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა: „ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ბელორუსის მთავრობა და ოლიმპიური კომიტეტი მხარს უჭერენ ამ ტურნირის ჩატარების იდეას. ჩვენ ერთად ვაკეთებთ საერთო საქმეს, ვიხილავთ პრობლემებს და ვეხმარებით ერთმანეთს. დღეისათვის გარკვეულია, რომ თამაშების პროგრამაში შევა სპორტის 15 სახეობა. მასპინძელთა ინიციატივით, ასევე განიხილება თამაშებში ძალოსნობისა და მშვილდოსნობის ჩართვის შესაძლებლობა. ოღონდ, სპორტსმენთა საერთო რაოდენობა 4 ათასს არ უნდა აღემატებოდეს."

თამაშების პროგრამის საბოლოო ვარიანტი ცნობილი გახდება მაისის ბოლოს, როცა ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებსა და მასპინძელ მხარეს შორის თამაშების ჩატარებაზე ოფიციალური ხელშეკრულება გაფორმდება.

ამასობაში ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ (რომელიც, ამავე დროს, ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტიც არის) ხელი მოაწერა განკარგულებას მეორე ევროპული თამაშების დირექციის შექმნის შესახებ, რომლის დამფუძნებლებიც ხდებიან ბელორუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტი და სპორტის სამინისტრო. განკარგულება ითვალისწინებს  დირექციისთვის და ევროთამაშების სპონსორებისთვის საგადასახადო და საბაჟო შეღავათების დაწესებას.