სოკ-ის შეფასების კომისიის წევრებმა ლოს-ანჯელესიდან პარიზში გადაინაცვლეს

15 მაისი 2017

ლოს-ანჯელესში სოკ-ის შეფასების კომისიის სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ გაკეთებული შეფასებების მიხედვით ირკვევა, რომ კომისიის წევრები კმაყოფილნი დარჩნენ ნანახით და ადგილობრივი ოფიციალური პირებისგან მიღებული ინფორმაციით.

სამ ჯგუფად დაყოფილი კომისია სამი დღის განმავლობაში სწავლობდა 2024 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის კანდიდატი ქალაქის სპორტულ ინფრასტრუქტურას, ოლიმპიური სოფლისთვის გათვალისწინებულ კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტთა საცხოვრებელს, დანარჩენ  პოტენციურ ოლიმპიურ ობიექტებს, ქალაქის სატრანსპორტო შესაძლებლობებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

როგორც  კომისიის თავმჯდომარე პატრიკ ბაუმანი აცხადებს,  „ამ ვიზიტმა, რასაკვირველია, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ლოს-ანჯელესმა შეიმუშავა შესანიშნავი პროექტი. ჩვენ ვერ დავინახეთ რაიმე სერიოზული რისკი ამ ქალაქის კანდიდატურასთან დაკავშირებით, რის შესახებაც  შეგვეძლო აქვე და ახლავე გვესაუბრა." 

სოკ-ის შეფასების კომისიის წევრებმა ლოს-ანჯელესიდან გადაინაცვლეს პარიზში _ მეორე კანდიდატ ქალაქში. მონიტორინგის შედეგებს და საბოლოო დასკვნას შეფასების კომისია სოკ-ის წევრებს ლოზანაში 5 ივლისს წარუდგენს. მოგვიანებით, 11-12 ივლისს ასევე ლოზანაში, ფართო აუდიტორიის თანდასწრებით გაიმართება კანდიდატი ქალაქების დასკვნითი პრეზენტაცია. 

2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მასპინძელი ქალაქი დასახელდება  2017 წლის 13 სექტემბერს, პერუს დედაქალაქ ლიმაში, სოკ-ის 130-ე სესიაზე.