სეოკ-ის აღმასკომის სხდომა

16 მაისი 2017

სეოკ-ის ოფისში გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. გარდა აღმასკომის წევრებისა, სხდომას ესწრებოდნენ სპორტის ცალკეულ სახეობათა ფედერაციების ხელმძღვანელები, სხვა მოწვეული სტუმრები.

სხდომაზე დეტალურად განიხილეს ევროპის ზაფხულის XIV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის საქართველოს სპორტსმენთა მზადების მიმდინარეობა. ფესტივალი წლეულს, 23-29 ივლისს გაიმართება უნგრეთის ქალაქ გიორში, სადაც ჩვენი ქვეყანა, სავარაუდოდ, წარმოდგენილი იქნება 35-მდე სპორტსმენით. ისინი გამოვლენ სპორტის 7 სახეობაში (ძიუდო, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, ცურვა, სპორტული ტანვარჯიში, კანოე, ველოსპორტი). ითქვა, რომ ჩვენს ახალგაზრდა სპორტსმენებს ყველა პირობა აქვთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად კარგად მოემზადნონ მომავალი მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვის და აჩვენონ მაღალი სპორტული შედეგები. პირველ ყოვლისა, მედლებს ველოდებით ჩვენი ძიუდოისტებისგან, რომლებიც ტრადიციულად წარმატებით გამოდიან ევროპულ ფესტივალებზე.

ევროპულ ახალგაზრდულ ფესტივალებსა და ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით, აღმასკომმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ჩატარდეს სეოკ-ის სპეციალური გაფართოებული სხდომა საქართველოში ახალგაზრდული სპორტის მდგომარეობის პროფესიული ანალიზისა და მისი შემდგომი შეუფერხებელი განვითარების მიზნით.

აღმასკომის წევრებმა მოიწონეს წინადადება 2017 წლის შემოდგომაზე სრულიად საქართველოს ყველა თაობის ოლიმპიელთა ფორუმის ჩატარების შესახებ. აღინიშნა, რომ აუცილებელია გააქტიურდეს საქართველოს ოლიმპიელთა ასოციაციის საქმიანობა, დაიგეგმოს და განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მჭირდო კონტაქტი დამყარდეს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან - მსოფლიოს ოლიმპიელთა ასოციაციასთან.  ქართველ ოლიმპიელთა ფორუმის მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინირება დაევალა სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტს ნინო სალუქვაძეს.

სხდომაზე მოისმინეს სეოკ-ის გენერალური მდივნის ემზარ ზენაიშვილის დეტალური ინფორმაცია ქვიშის მსოფლიოს პირველი თამაშების შესახებ, რომელიც გაიმართება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის (ANOჩ) ორგანიზებით და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით. შეჯიბრებას 2019 წლის ოქტომბერში უმასპინძლებს სან დიეგო (აშშ). თამაშების პროგრამაში შევა ქვიშის სპორტის 20-მდე სახეობა. როგორც აღმასკომის სხდომაზე ითქვა, საქართველოს გეოგრაფიული და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, აუცილებელია მეტი ყურადღება მიექცეს ქვიშის სპორტის განვითარებას. თამაშებისთვის ქართველ სპორტსმენთა მზადების კოორდინაციის მიზნით, ANOჩ-ის რეკომენდაციის თანახმად, საჭიროა შეიქმნას სპეციალური სტრუქტურა, რომელშიც გაერთიანდებიან შესაბამისი სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს სეოკ-ის ეგიდით წარმომადგენლობითი სპორტული კონფერენციის მოწვევის თაობაზე, სადაც განხილული იქნება ქართული ოლიმპიური მოძრაობის და მაღალი მიღწევების სპორტის აქტუალური საკითხები. აღინიშნა, რომ მოწინავე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, წარმატებულ სპორტულ ქვეყნებში ელიტური სპორტის მოწყობის პრაქტიკის გათვალისწინებით, უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ჩვენს სპორტში საფუძვლიანი რეფორმების განსახორციელებლად. გადაწყდა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი.

სხდომის მონაწილეებმა მოიწონეს აღმასკომის წევრის, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზურაბ კაკაბაძის წინადადება საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ინიციატივით დაწყებული პროექტის - "გონიერი ღონიერი" - სეოკ-ის მიერ მხარდაჭერის შესახებ.