მეორე ევროპული თამაშები: სპორტის 16 სახეობა ცნობილია

19 მაისი 2017

50 ქვეყნის (მათ შორის - საქართველოს)  დელეგაცია მონაწილეობს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) ყოველწლიურ სემინარში. იქვე ჩატარდება EOC-ის აღმასკომის სხდომა. სემინარზე და აღმასკომის სხდომაზე განიხილავენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისთვის არაერთ მნიშვნელოვან საკითხს. მათ შორის: მომავალი ოლიმპიური შეჯიბრებებისთვის (ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, ევროპის მცირე ქვეყნების თამაშები, მეორე ევროპული თამაშები) მზადებას, ასევე სპორტში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას.

სკოპიეში გამოცხადდა, რომ მეორე ევროპული თამაშების პროგრამაში ჯერჯერობით შეტანილ 16 სახეობას შორის იქნება სამბოც. 2019 წელს მინსკში ასევე გაიმართება შეჯიბრებები მძლეოსნობაში, ძიუდოში, ჭიდაობაში, მშვილდოსნობაში, ბადმინტონში, კრივში, ველოსპორტში, კანოეში, ტანვარჯიშში, ტყვიის სროლაში, პლაჟის ფეხბურთსა და ფრენბურთში, 3 x3 კალათბურთში, კარატეში და მაგიდის ჩოგბურთში.

თამაშების პროგრამაში ვერ მოხვდა საწყლოსნო სახეობები: ცურვა, სინქრონული ცურვა და წყალბურთი.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა იანეზ კოსიანჩიჩმა განაცხადა, რომ 16-დან 11 სახეობაში იმავდროულად გაიმართება ოლიმპიური საკვალიფიკაციო შეჯიბრება.