ემანუელ მაკრონი: პარიზი იმსახურებს 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებს

19 მაისი 2017

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შეფასების კომისია, შეთანხმებისამებრ, 5 ივლისს გამოაქვეყნებს საბოლოო ანგარიშს - ამის შესახებ განაცხადა კომისისს თავმჯდომარემ პატრიკ ბაუმანმა. ამას მოჰყვება  2024 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების - პარიზისა და ლოს-ანჯელესის  ბრიფინგი, რომელიც ლოზანაში 11 და 12 ივლისს გაიმართება. ვარაუდობენ, რომ სოკ-ის პრეზიდენტი თომას ბახი სწორედ ამ შეხვედრებზე ოფიციალურად შესთავაზებს კანდიდატ ქალაქებს არჩევნების ახალ წესს პირობითი სახელწოდებით „24/28." სოკ-ი ცდილობს, რომ არც ერთ მხარეს არ დაწყვიტოს გული და 2017 წლის სექტემბერს ლიმაში (პერუ) დანიშნულ სესიაზე ერთდროულად გამოაცხადოს 2024 და 2028 წლების თამაშების მასპინძელი ქალაქების ვინაობა.

ლიმაში ჩასვლას გეგმავს საფრანგეთის ახალარჩეული პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც ასევე დაესწრება ლოზანაში დანიშნულ ბრიფინგს. ამის თაობაზე მაკრონმა სოკ-ის შეფასების კომისიის წევრებთან პარიზში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა (ჯერჯერობით უცნობია, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი  ჩავა თუ არა ლოზანაში ან ლიმაში ლოს-ანჯელესის მხარდასაჭერად). მაკრონი დარწმუნებულია, რომ პარიზი საუკეთესო კანდიდატია და საფრანგეთი, როგორც მდიდარი სპორტული ტრადიციების ქვეყანა, იმსახურებს 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებს.

სოკ-ის შეფასების კომისიის მიერ პარიზში გაკეთებული კომენტარების მიხედვით ძნელი სათქმელია, რომელ კანდიდატს მიანიჭებენ უპირატესობას სოკ-ის წევრები. კომისიის თავმჯდომარე პატრიკ ბაუმანი აცხადებს, რომ პარიზმა ასევე საუკეთესო პროექტი წარმოადგინა: „პარიზში ჩვენ მივიღეთ სრულყოფილი ინფორმაცია და ყველა აუცილებელი გარანტია. ჩვენ მოვამზადებთ და წარვადგენთ ობიექტურ დასკვნას. დანარჩენი სოკ-ის სესიის გადასაწყვეტია."