ანტონიო ურსო: „არ შეიძლება ერთი კაცი ათწლეულობით ხელმძღვანელობდეს ერთ ორგანიზაციას"

21 მაისი 2017

29-30 მაისს ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გაიმართება ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) საარჩევნო კონგრესი. მსოფლიოს ძალოსნობის ლიდერობისთვის 7 კანდიდატი იბრძოლებს, მათ შორის - მოქმედი პრეზიდენტი,78 წლის უნგრელი ტამაშ აიანი. როგორც მისმა  ერთ-ერთმა მთავარმა კონკურენტმა _ ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, იტალიელმა ანტონიო ურსო განაცხადა,  ძალოსნობაში დოპინგის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა რეალურ შედეგს იმ შემთხვევაში მოიტანს, თუ ფედერაციის დოპინგპროგრამის კონტროლი მთლიანად მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) ხელში გადავა. „ამის გაკეთება აუცილებელია თუნდაც ეთიკური თვალსაზრისით. დოპინგი ძალოსნობის კიბოა და ჩვენ ის უნდა მოვკვეთოთ და დავამარცხოთ. IWF-ის ანტისადოპინგო პროგრამა არ წარმოადგენს დოპინგთან ბრძოლის სერიოზულ იარაღს. ფედერაციაში კიდევ ბევრი რამეა შესაცვლელი. არ შეიძლება ერთი კაცი ათწლეულობით ხელმძღვანელობდეს ერთ ორგანიზაციას," - ამბობს ურსო, რომელიც აიანს ფიფა-ს სკანდალურად გადაყენებულ პრეზიდენტს, ზეპ ბლატერს ადარებს და სამვადიანი საარჩევნო ლიმიტის შემოღებას გეგმავს.

იგივეს იმეორებს აიანის კიდევ ერთი კონკურენტი, რუმინელი ოლიმპიური ჩემპიონი ნიკუ ვლადი, რომელსაც უპირველეს ამოცანად მიაჩნია სწორედ WADA-სთან მჭიდრო თანამშრომლობა და დოპინგის საკითხების მის სრულ მმართველობაში გადაცემა: „ჩვენ არ გვჭირდება ველოსიპედის გამოგონება. ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია და მჯერა, რომ გავაკეთებთ კიდეც."

ურსო და ვლადი მკაცრად აკრიტიკებენ IWF-ის მოქმედ პრეზიდენტს, რომლის არაეფექტურ საქმიანობასაც უკავშირებენ ძალოსნობის ავტორიტეტის ვარდნას ბოლო წლების განმავლობაში. მათთან ერთად IWF-ის პრეზიდენტობის კონკურენტუნარიან კანდიდატად სახელდება ყატარელი მოჰამედ იუსეფ ალ მანა,რომელსაც სერიოზული ფინანსური რესურსი აქვს.

ცნობილია ფედერაციის სხვა აღმასრულებელ თანამდებობებზე კენჭისყრის მსურველთა ვინაობაც. გენერალური მდივნის პოსტზე პრეტენზიას 6 კანდიდატი აცხადებს, მათ შორის _ ამჟამინდელი გენერალური მდივანი, უნგრელი ატილა ადამფი. პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე 10 კანდიდატია წარდგენილი, ვიცე-პრეზიდენტის 5 ადგილზე კი - 27 მსურველი. IWF -ს აღმასრულებელ საბჭოში მოსახვედრად 51 კანდიდატი დარეგისტრირდა. მათ შორისაა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, საქართველოს ოლიმპიელთა კლუბის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი.