სკოპიეში დასრულდა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების სემინარი

22 მაისი 2017

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში დასრულდა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) ყოველწლიური სემინარი, რომელშიც 50 ქვეყნის (მათ შორის - საქართველოს)  წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. EOC -თან ერთად, სემინარის ორგანიზატორი იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის ფორუმი. სემინარის ბოლო დღე დაეთმო პრეზენტაციებს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისთვის. სოკ-ის ოლიმპიურმა სოლიდარობამ წარადგინა 2017-2020 წლების გეგმა, ბუჯეტი და პროგრამები. ოთხწლეულის უმთავრესი ოლიმპიური შეჯიბრებების, მათ შორის - 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების(პიონჩანგი), 2018 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების (ბუენოს აირესი), 2019 წლის მეორე ევროპული თამაშების (მინსკი) და 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების (ტოკიო) ორგანიზატორებმა  ისაუბრეს  მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებზე და შეკრებილებს მიაწოდეს სხვადასხვა ტექნიკური ინფორმაცია. სემინარის მონაწილეების წინაშე ასევე პრეზენტაციებით წარსდგნენ 2017 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისა და ევროპის მცირე ქვეყნების თამაშების მასპინძლები.

ცალკე დისკუსია გაიმართა სპორტში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებზე, აქტუალურ და ინოვაციურ ინტრნეტ-პროექტებზე. ახალგაზრდებთან კომუნიკაციის, ოლიმპიური ინფორმაციის გასავრცელებლად სოციალური ქსელის გამოყენების თაობაზე საინტერესო იდეები წარმოადგინეს  სოკ-ის ოლიმპიური ტელეარხის წარმომადგენლებმა.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა იანეზ კოსიანჩიჩმა მაღალი შეფასება მისცა სემინარის მუშაობას, გულითადი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა მაკედონიის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს და დაფუძნების 25 წლის იუბილე მიულოცა: „ნაყოფიერი მუშაობისთვის ასევე მადლობას ვუხდი სემინარში მონაწილე ევროპის თითოეულ ოლიმპიურ კომიტეტს და ოლიმპიური სოლიდარობის კომისიას, რომელიც ბრწყინვალედ ასრულებს თავის მოვალეობას და გვერდში უდგას ეროვნულ კომიტეტებს."

კოსიანჩიჩმა უკვე დაიწყო აქტიური საარჩევნო კამპანია და ემზადება ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალური ასამბლეისთვის, რომელიც 2017 წლის 24-25 ნოემბერს ზაგრებში გაიმართება. ის კენჭს იყრის მომავალი 4 წლით EOC -ის პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად და იმედი აქვს, რომ დელეგატების უმეტესობის მხარდაჭერას მოიპოვებს.