ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ცეცხლი ამჯერად რომში აანთეს

24 მაისი 2017

რომში, Ara Pacis-ის მშვიდობის ქალღმერთის საკურთხეველში გაიმართა ცერემონია „ნათება მშვიდობის სახელით,"  რომელშიც მონაწილეობდნენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC), იტალიისა და უნგრეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების, „გიორი-2017"-ის საორგანიზაციო კომიტეტის, გიორის მერიის ხელმძღვანელები. სწორედ ამ ისტორიულ  საკურთხეველში აინთო ევროპის XIV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ცეცხლი, რომელიც 27 მაისიდან 22 ივლისამდე მოივლის უნგრეთის ყველა მნიშვნელოვან ქალაქს და დასახლებულ პუნქტს.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია გავუძღვე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ცეცხლის ანთების ცერემონიას, რომელიც პირველად ტარდება რომში, მშვიდობის ამ ღირსშესანიშნავ ტაძარში, - განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა იანეზ კოსიანჩიჩმა, - ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ის არის, რომ გავაერთიანოთ ახალგაზრდული და მშვიდობიანი თანაცხოვრების იდეები."

ცეცხლის ანთების ცერემონიის საპატიო სტუმართა შორის იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი, EOC-ის საპატიო პრეზიდენტი, იტალიელი მარიო პესკანტე.

აქამდე ფესტივალის ცეცხლის ანთების ცერემონია ათენის მარმარილოს ოლიმპიურ სტადიონზე იმართებოდა. ასე იყო „თბილისი-2015"-ის შემთხვევაშიც. სწორედ თბილისი გამოდგა ბოლო ქალაქი, სადაც ევროპის ახალგაზრდულ ფესტივალზე ოლიმპიადის სამშობლოდან _  საბერძნეთიდან  ჩამოტანილი ცეცხლი აინთო.

წლევანდელი ფესტივალი, რომელსაც  უნგრეთის ქალაქ გიორი 23-29 ივლისს უმასპინძლებს, სპორტის 10 სახეობაში გაიმართება. გიორში ჩვენი ქვეყანა, სავარაუდოდ, წარმოდგენილი იქნება 35-მდე სპორტსმენით. ისინი გამოვლენ სპორტის 7 სახეობაში (ძიუდო, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, ცურვა, სპორტული ტანვარჯიში, კანოე, ველოსპორტი). აქამდელ ფესტივალებში საქართველოს 427 სპორტსმენი მონაწილეობდა. მათ სპორტის 12 სახეობაში მოპოვებული აქვთ 68 მედალი (21 ოქრო, 17 ვერცხლი, 30 ბრინჯაო).