რუსეთის პარალიმპიელებს სანქცია გაუგრძელეს

26 მაისი 2017

საერთაშორისო პარალიმპურმა კომიტეტმა (IPC) სექტემბრამდე ძალაში დატოვა რუსეთის პარალიმპური კომიტეტის მიმართ მიღებული სანქცია. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსი პარალიმპიელები მონაწილეობას ვერ მიიღებენ წლევანდელ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში. ასევე სათუოა მათი გამოსვლა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. 

IPC -ის პრეზიდენტი  ფილიპ  კრეივენი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, რუსებს მოუწევთ მომავალი ზამთრის ოლიმპიდის გამოტოვება, თუ დადგენილი კრიტერიუმები არ შესრულდება.

IPC -იმ სანქციის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო სპეციალური კომისიის დასკვნის საფუძველზე. ეს კომისია იკვლევდა, როგორ ასრულებს რუსეთის პარალიმპური კომიტეტი IPC-ის და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს დოპინგთან ბრძოლის მიმართულებით. კომისიის აზრით, მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, ძირითადი კრიტერიუმები ჯერ კიდევ არ არის შესრულებული.

თუ IPC-ის წინაშე რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებები სექტემბრამდე არ შესრულდება, სანქცია კვლავ ძალაში დარჩება.

„შარშან აგვისტოში ჩვენს მიერ გამოცხადებული პრინციპები უცვლელი რჩება, - ამბობს ფილიპ კრეივენი, - IPC-ის, როგორც გლობალური პარალიმპური მოძრაობის ხელმძღვანელი ორგანოს ვალდებულებაა უზრუნველყოს სამართლიანი კონკურენცია. ეს ძალზე მნიშვნელოვანია პარალიმპური სპორტის ერთიანობისთვის."

კრეივენი იმედს გამოთქვამს, რომ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადამდე რუსეთი შეძლებს ვითარების გამოსწორებას.

„ჩვენ ველოდებით მოქმედებას რუსეთისგან. ისეთ მოქმედებას, რომელიც დაგვარწმუნებს, რომ ამ ქვეყანაში სიტუაცია იცვლება," -ამბობს IPC-ის პრეზიდენტი.

სწორედ შარშან აგვისტოში, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს დამოუკიდებელი კომისიის დასკვნის საფუძველზე, IPC-იმ მიიღო მეტად მკაცრი გადაწყვეტილება 2016 წლის რიოს ზაფხულის პარალიმპური თამაშებიდან რუსი სპორტსმენების მოკვეთის თაობაზე. იქიდან მოყოლებული, ისინი ოფიციალურ საერთაშორისო შეჯიბრებებში ვერ გამოდიან.