მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მოლოდინში

29 მაისი 2017

2018 წლის ზაფხულის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო გუნდის ლიდერები - „ბუენოს აირეს-2018"-ის თავმჯდომარე ჯერარდო ვერტჰეინი და გენერალური დირექტორი ლეანდრო ლაროსა ირწმუნებიან, რომ არგენტინის დედაქალაქი ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ სპორტულ ფორუმს წარმატებით უმასპინძლებს და ეს იქნება დაუვიწყარი დღესასწაული.

ჯერარდო ვერტჰეინის თქმით, მსოფლიოს თანამეგობრობის ჩართულობით, ახალგაზრდული თამაშები შეასრულებს თავის მნიშვნელოვან მისიას და დატოვებს რეალურ მემკვიდრეობას, შეჯიბრებამდე, შეჯიბრების მსვლელობისას და მისი დამთავრების შემდეგ ხელს შეუწყობს ბუენოს აირესში და მთელ ქვეყანაში სპორტის, კულტურისა და განათლების ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზებას, საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარებას: „დღეისათვის სხვადასხვა საოლიმპიადო პროექტში ჩართულია 300 000-მდე ადამიანი. წლეულს არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომლებიც ახალ შესაძლებლობას მოგვცემს უფრო ახლოს მივიდეთ ჩვენს ახალგაზრდებთან, მათ ოჯახებთან, მთლიანად საზოგადოებასთან. იმისათვის, რომ ჩვენი ამოცანები ბოლომდე შესრულდეს და ოლიმპიური ფასეულობები სკოლების მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, ჩვენ ასევე შევიმუშავეთ ფართო პროგრამა. სკოლებში მოეწყობა საინტერესო შეხვედრები, აქცენტი გაკეთდება სპორტის მნიშვნელობაზე და პირველ პრაქტიკულ სპორტულ ნაბიჯებზე. ცხადია, ფართოდ  აღვნიშნავთ ოლიმპიურ დღეს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან და 40 ეროვნულ სპორტულ ფედერაციებთან ერთად."       

მომავალი თამაშებისთვის ბუენოს-აირესში ამოქმედდება ოთხი პარკი - ოლიმპიური, საქალაქო, მწვანე და ტექნო პარკები, სადაც გაიმართება სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები.

მთავარ პროექტად  ითვლება ახალგაზრდული ოლიმპიური პარკი, რომელიც ქალაქის სამხრეთ ნაწილში შენდება. პარკი მოიცავს ობიექტებს 12 ოლიმპიური სახეობისთვის, აგრეთვე - ახალგაზრდულ ოლიმპიურ ცენტრს და ოლიმპიურ სოფელს, სადაც იცხოვრებენ სპორტსმენები, მწვრთნელები და დელეგაციების სხვა წევრები.

 ლეანდრო ლაროსა: „ჩვენ ნელ-ნელა ვუახლოვდებით ახალგაზრდულ თამაშებს და მოუთმენლად ველით მის გახსნას. რამდენიმე წლის წინ შემუშავდა ბუენოს აირესის ინფრასტრუქტურის და სპორტული ობიექტების მშენებლობის გენერალური გეგმა. 2017 წლის ბოლოსთვის ექსპლუატაციაში შევა არაერთი ობიექტი, დანარჩენების მშენებლობა კი გაისად დასრულდება. გარდა ამისა, განახლდება უკვე არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა, სადაც შეჯიბრებები და ვარჯიშები ჩატარდება. რაც შეეხება ახალგაზრდულ ოლიმპიურ სოფელს, ჩვენ ვაშენებთ 31 კორპუსს -7000 ადამიანზე გათვლილ 1200 აპარტამენტს. მშენებლობა 2018 წელს დასრულდება, თამაშების შემდეგ კი ეს აპარტამენტები ადლილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი გახდება."

ახალგაზრდული თამაშების პროგრამა მოიცავს ყველა 28 ოლიმპიურ სახეობას, თუმცა ზოგიერთი სახეობა წარმოდგენილი იქნება არაოლიმპიური დისციპლინებით. მაგალითად, ფეხბურთელები ერთმანეთს ფუტზალში შეეჯიბრებიან, კალათბურთელები - სამკაცა კალათბურთში, ტანმოვარჯიშეები - აკრობატიკაში. თამაშების პროგრამას ასევე დაემატა კარატე, კლდეზე ცოცვა და ბრეიკ-დანსი.ოლიმპიურ შეჯიბრებების ისტორიაში პირველად, სწორედ ბუენოს აირესში დაცული იქნება სრული გენდერული ბალანსი.

არგენტინაში შეიკრიბებიან მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის 15-18 წლის სპორტსმენები, რომლებსაც  ბუენოს აირესის საგზურის მოსაპოვებლად 2017-2018 წლებში საკმაოდ რთული სალიცენზიო ტურნირები ელით. საქართველოს სპორტსმენთაგან პირველი ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვეს ჩვენმა ძალოსნებმა.

წინა ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 2014 წლის აგვისტოში ჩინეთის ქალაქ ნანძინში გაიმართა, საქართველოს 13 სპორტსმენი გამოდიოდა. მათ საგრძნობლად გააუმჯობესეს 2010 წლის პირველი თამაშების შედეგები (1 ბრინჯაო და გუნდური 84-ე ადგილი), ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 1 მედალი აიღეს, გუნდურ ჩათვლაში კი 58-ე ადგილი დაიკავეს.