ტამაშ აიანი მეხუთედ აირჩიეს IWF-ის პრეზიდენტად

31 მაისი 2017

78 წლის უნგრელი  ტამაშ აიანი მეხუთე ვადით აირჩიეს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) პრეზიდენტად.

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გამართულ საარჩევნო კონგრეზე აიანმა 86 ხმა მიიღი, მისმა კონკურენტმა, ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ანტონიო ურსომ კი - 61.

აიანი 1970 წლიდან იყო IWF-ის აღმასკომის წევრი, 1976 წლიდან - გენერალური მდივანი, 2000 წლიდან კი ამ ორგანიზაციის პრეზიდენტის პოსტს იკავებს.

IWF-ის კონგრესზე ასევე აირჩიეს აღმასკომის ახალი შემადგენლობა. კანდიდატთა შორის იყო საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი, რომელმაც IWF-ის წამყვან გუნდთან შეთანხმების შემდეგ მოხსანა თავისი კანდიდატურა. კახიაშვილის IWF-ის აღმასკომის შემადგენლობაში შეყვანის საკითხი, დამატებით, უახლოეს მომავალში  განიხილება.

IWF-ის სამედიცინო კომიტეტის წევრად არჩეულია ზურაბ კახაბრიშვილი, რომელსაც მხარი დაუჭირა 77-მა დელეგატმა.