ალექსანდრე ლუკაშენკო: „ჩვენ ევროპას შევპირდით, რომ ჩავატარებთ საუკეთესო სპორტულ თამაშებს"

01 ივნისი 2017

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კვლავ უხელმძღვანელებს ქვეყნის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს. ასე გადაწყვიტა ბელორუსის ეოკ-ის კრებამ, რომელმაც ერთხმად დაუჭირა მხარი უალტერნატივო კანდიდატს.

ლუკაშენკო უკვე 20 წელიწადია სათავეში უდგას ბელორუსის ოლიმპიურ კომიტეტს. ახალ ოთხწლიან ციკლში მისთვის და მთელი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა მეორე ევროპული თამაშები, რომელიც 2019 წელს მინსკში გაიმართება. ბელორუსის ოლიმპიურ და სპორტულ საზოგადოებასთან შეხვედრისას ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ევროპული თამაშები უმაღლეს დონეზე ჩაივლის და ამ თამაშებზე ბელორუსი უძლიერესი სპორტული გუნდით წარსდგება. „ჩვენ ევროპას შევპირდით, რომ ჩავატარებთ საუკეთესო სპორტულ თამაშებს და ამას გავაკეთებთ კიდეც. ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ბელორუსმა სპორტსმენებმა საუკეთესო შედეგი აჩვენონ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე," - აღნიშნა მან.

მინსკი მეორე ევროპული თამაშების მასპინძლად აირჩიეს შარშან ოქტომბერში გამართულ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების 45-ე გენერალურ ასამბლეაზე.

პირველი თამაშები 2015 წელს ბაქოში ჩატარდა. საქართველოს 104 სპორტსმენმა იასპარეზა სპორტის 13 სახეობის 17 დისციპლინაში. ჩვენი დელეგაცია ბაქოში საკმაოდ წარმატებულად გამოვიდა _ 16 მედალი მოიპოვა (მათ შორის - 2 ოქრო) და ამ ნიშნით 50 ქვეყანას შორის მე-14 შედეგი აჩვენა, ხარისხობრივი მაჩვენებელით კი ჩვენ საბოლოო ცხრილში 21-ე ადგილზე გავედით.