ზამთრის ოლიმპიადის ცეცხლოვანი ესტაფეტა სტარტს 1 ნოემბერს აიღებს

05 ივნისი 2017

2017 წლის 1 ნოემბერს, ზამთრის 23-ე ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ზუსტად 100 დღით ადრე დაიწყება ოლიმპიური ცეცხლის ტრადიციული ესტაფეტა. ბერძნულ ოლიმპიაში დანთებული ცეცხლი 7 500 მეჩრაღდნის მეშვეობით მოივლის სამხრეთ კორეის 17 ქალაქს და პროვინციას. ესტაფეტის მარშრუტის საერთო სიგრძე, სიმბოლურად, 2018 კილომეტრია.

„პიონჩანგ- 2018"-ის ჩირაღდანი 700 მილიმეტრის სიგრძისაა, ნიშნად იმისა, რომ  პიონჩანგი ზღვის დონიდან 700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ჩირაღდნის კონსტრუქტორები ირწმუნებიან, რომ  ცეცხლი ყველაზე რთულ მეტეოროლოგიურ პირობებშიც არ ჩაქრება.

 ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ოლიმპიური ცეცხლი პირველად გამოჩნდა ოსლოში, 1952 წელს.

პიონჩანგში ზამთრის ოლიმპიადა 2018 წლის 9-26 თებერვალს გაიმართება.