ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ „პარიზი-2024"-ს

07 ივნისი 2017

პარიზის განაცხადს 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად მხარს უჭერენ ევროპის პარლამენტის მაღალი თამამდებობის პირები. მათ შორის არის ევროპარლამენტის პრეზიდენტი ანტონიო ტაიანი, რომელმაც მხარდამჭერი განცხადება გააკეთა ბრიუსელში, ფრანგულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ. ევროპარლამენტის სპორტის ინტერჯგუფის თანაპრეზიდენტებმა - მარკ ტარაბელამ და სანტიაგო ფისასმა ასევე ღიად გამოხატეს თავიანთი თანადგომა პარიზის კანდიდატურის მიმართ.

„მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი პროექტი წარვუდგინეთ ევროპარლამენტარებს, მათ კი თავიანთი პრეზიდენტის ანტონიო ტაიანის სახით გამოგვიცხადეს სრული თანადგომა" - განაცხადა საფრანგეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, „პარიზი-2024"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თანათავმჯდომარემ ბერნარდ ლაპასემ.

საფრანგეთის დელეგაციის წევრმა, სპორტის ახალდანიშნულმა მინისტრმა, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლორა ფლესელმა ხაზი გაუსვა „პარიზი-2024"-ის მნიშვნელობას არა მარტო საფრანგეთისთვის, არამედ - მთელი ევროპისთვის: „მე ვამაყობ მხარდაჭერით, რომელსაც გვიცხადებენ ჩვენი ევროპელი მეზობლები. ასე იყო ჯერ ევროკავშირის სპორტის მინისტრების საბჭოს სხდომაზე, ახლა კი ევროპარლამენტში. ამგვარი განწყობა და მობილიზება გვიჩვენებს, რომ  „პარიზი-2024" არის ევროპელების გამაერთიანებელი პროექტი."

2024 წლის თამაშების მასპინძლობის სურვილი პარიზის გარდა კიდევ სამ ევროპულ ქალაქს - ბუდაპეშტს, რომს და ჰამბურგს ჰქონდა, მაგრამ ისინი სხვადასხვა ეტაპზე გამოეთიშნენ ბრძოლას. პარიზის ერთადერთი კონკურენტია ლოს-ანჯელესი.

მასპინძელი ქალაქის ვინაობა  გაირკვევა  2017 წლის 13 სექტემბერს, პერუს დედაქალაქ ლიმაში, სოკ-ის 130-ე სესიაზე.