სამეგრელოს ღია ჩემპიონატი ლელოსა და 7-კაცა რაგბიში

09 ივნისი 2017

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით და  დაფინანსებით მეორე წელია ტარდება სამეგრელოს ღია ჩემპიონატები ლელოსა და 7-კაცა რაგბიში. შარშანედელ შეჯიბრებაში  მხოლოდ სამეგრელოს რეგიონის გუნდები მონაწილეობდნენ, წელს კი მათ გურიისა (ჩოხატაური) და იმერეთის (ხონი) წარმომადგენლები დაემატნენ.

ლელოში 10 გუნდი გამოვიდა, 7-კაცა რაგბიში კი - 8. ლელოში ფინალური თამაშები  ფოთში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით დამთავრდა, ხოლო რაგბი ზუგდიდში ჩატარდა და  ზუგდიდელებმა მოიგეს.

ფოთის „რაგბი არენაზე" ლელოს თამაშებს 1000-მდე ქომაგმა მიადევნა თვალი. ორგანიზატორებმა ლელობურთელთა ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ნიკა ჩაგუნავა დაასახელეს.  

წარმატებულ გუნდებს და გამორჩეულ მოთამაშეებს პრიზები და დიპლომები გადაეცათ.

ამ ღონისძიებების მოთავე, სეოკ-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ორგანიზაციის თამჯდომარე, წარსულში სახელოვანი მორაგბე დავით კილასონია სამომავლოდ შეჯიბრების არეალის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს.