მნიშვნელოვანი ცვლილებები ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში

09 ივნისი 2017

დღეს ლოზანაში გამართულ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე განიხილეს „ტოკიო-2020"-ის პროგრამაში შესატანი ცვლილებების პაკეტი.

 აღმასკომმა მიიღო ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც სპორტის 15 ოლიმპიურ სახეობას  შეეხო. ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამას ემატება 18 ახალი დისციპლინა, ამავე დროს აკლდება ადრე არსებული ზოგიერთი დისციპლინა.  

 მძლეოსნობას დაემატება შერეული (2 ქალი, 2 კაცი) ესტაფეტა 4X400 მ, ცურვას - შერეული ესტაფეტა 4X100 მ. მოცურავეთა პროგრამაში შევიდა აგრეთვე კროლი 800 მ კაცებში და 1500 მ ქალებში. შერეულ გუნდებს შორის ოლიმპიური მედლები გათამაშდება ძიუდოში, მაგიდის ჩოგბურთში, მშვილდოსნობასა და ტრიატლონში (ესტაფეტა). ოლიმპიური დისციპლინა გახდა კალათბურთი 3X3 (ქალები, კაცები), ველოსპორტს  დაემატა ტრეკზე ქალთა და კაცთა წყვილების ჯგუფური რბოლა (მედისონი) და BMX  freestyle park, ფარიკაობას - ქალთა და კაცთა გუნდური შეჯიბრება.

ამასთანავე, ტყვიის სროლის პროგრამიდან ამოღებული კაცთა 3 შეჯიბრება ჩაანაცვლეს შერეულ წვილთა 2 დისციპლინით;  კრივში ამოიღეს კაცთა 2 წონითი კატეგორია, სამაგიეროდ დაამატეს 2 წონა ქალებში; კანოეში კაცთა 3 დისციპლინის სანაცვლოდ შემოიღეს ქალთა 3 შეჯიბრება; ნიჩბოსნობაში კაცების 1 დისციპლინა ჩაანაცვლეს ქალების შეჯიბრებით; ძალოსნობას გამოაკლდა  კაცების 1 წონითი კატეგორია.

ოლიმპიური ქარტიის შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არის საბოლოო და არ საჭიროებს სოკ-ის სესიაზე დამტკიცებას.

ამ ცვლილებების შედეგად, ტოკიოში სპორტსმენთა საერთო რაოდენობის 48,8 პროცენტი იქნება ქალი, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია გენდერული ბალანსის დასაცავად. 2012 წელს ლონდონში ქალ ოლიმპიელთა წილი 44,2 პროცენტი იყო, 2016 წელს რიოში - 45,2 პროცენტი.

საინტერესოა, რომ წინა ოლიმპიადასთან შედარებით, 2020 წლის თამაშებში მონაწილეთა საერთო რაოდენობა სპორტის ძირითად სახეობებში 285 სპორტსმენით შემცირდება (მაგალითად, მძლეოსნობას დააკლდება 105 სპორტსმენი, ძალოსნობას - 64 სპორტსმენი, თავისუფალ ჭიდაობას _ 56 სპორტსმენი, ცურვას - 22 სპორტსმენი და ა. შ.). ამ რიცხვში არ შედის 18 ახალდამატებული დისციპლინის და 5 ახალი ოლიმპიური სახეობის (კარატე, კლდეზე ცოცვა, სკეიტბორდინგი, სერფინგი, ბეისბოლი/სფტბოლი) გამო  დამატებული 474 სპორტსმენი.

აღმასკომის სხდომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა ხაზი გაუსვა დღეს მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას ოლიმპიურ მოძრაობაში ინოვაციური ცვლილებების განხორციელების მიმართულებით: „მე ძალიან მიხარია, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები იქნება უფრო ახალგაზრდული, მეტი ურბანული სახეობებით და უფრო მეტი ქალით წარმოდგენილი. დღეს დამატებული საინტერესო ახალი დისციპლინები, აგრეთვე ხუთი ახალი სახეობა, რომლებიც შარშან  შეემატა ტოკიოს ოლიმპიადას, არის წინ გადადგმული ნაბიჯი ოლიმპიური თამაშების პროგრამის სრულყოფის გზაზე," - ამბობს ბახი.