2024 და 2028 წლების ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქები ერთდროულად დასახელდება

10 ივნისი 2017

2017 წლის  13 სექტემბერს, ლიმაში (პერუ) გასამართ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 130-ე სესიაზე ერთდროულად დასახელდება 2024 და 2028 წლების ზაფხულის ოლიმპიური თამაშების  მასპინძელი ქალაქები.

ასეთი გადაწყვეტილება მიიღო 9 ივნისს ლოზანაში გამართულმა სოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომამ.

„საბჭოს უკლებლივ ყველა წევრმა მხარი დაუჭირა სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციას 2024 და 2028 წლების თამაშების მასპინძლობის უფლების ერთდროულად მინიჭების შესახებ, - განაცხადა სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა, - ეს სახელმძღვანელო გეგმა  წარედგინება სოკ-ის წევრებს განხილვისა და კენჭისყრისთვის."

არ არის გამორიცხული, რომ 11-12 ივნისს ასევე ლოზანაში დანიშნული კანდიდატი ქალაქების - პარიზისა და ლოს-ანჯელესის დასკვნითი ბრიფინგი , რომელსაც სოკ-ის წევრების უმრავლესობა დაესწრება, გადაიზარდოს სოკ-ის რიგგარეშე სესიაში. თუ სოკ-ის წევრები შემოთავაზებულ წინადადებას მხარს დაუჭერენ, მაშინ დაიწყება განხილვების და მოლაპარაკების ახალი პროცესი კონკურსში მონაწილე მხარეებთან.

მოელიან, რომ 2024 წლის თამაშების მასპინძლად პარიზი დასახელდება, ლოს-ანჯელესს კი 2028 წალმდე მოცდა მოუწევს. მით უმეტეს, „ლოს-ანჯელესი-2024"-ის წარმდგენი კომიტეტი მზად არის დათმოს პოზიციები. ასეთი ვარაუდის საფუძველს იძლევა ამ კომიტეტის თავმჯდომარის კეისი ვასერმანის მიერ რამდენიმე დღის წინ მედიისთვის გაკეთებული განცხადება. ვასერმანი ამბობს, რომ მათთვის თვითმიზანი არ ყოფილა მაინცდამაინც 2024 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ბრძოლა.

თომას ბახი უარყოფს გავრცელებულ ცნობებს იმის თაობაზე, რომ პარიზის სასარგებლოდ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ამბობს, რომ ორივე მხარესთან გაგრძელდება მოლაპარაკებები. პრეს-კონფერენციაზე მან პარიზი და ლოს-ანჯელესი ორი დიდი ქვეყნის ორ დიდ კანდიდატ ქალაქებად მოიხსენია და დღეისათვის არსებულ ვითარებას ოლიმპიური მოძრაობისთვის „ოქროს შესაძლებლობა" უწოდა. ბახი დარწმუნებულია, რომ სოკ-ი და მისი წევრები ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებენ და ყველა მხარისთვის მისაღებ და ოლიმპიური მოძრაობისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ.