სოკ-ი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას აფრთხილებს

12 ივნისი 2017

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IWF) უნდა დაარწმუნოს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი იმაში, რომ ის  მთელი სიმკაცრით ებრძვის დოპინგს.  IWF-მა შესაბამისი მტკიცებულებები სოკ-ში 2017 წლის დეკემბრამდე უნდა წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ დღის წესრიგში დადგეს 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ძალოსნობის ამოღების საკითხი.

IWF-მა დოპინგის პრობლემებთან დაკავშირებით გაფრთხილება მიიღო სოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს 9 ივნისის სხდომაზე, სადაც მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანეს 2020 წლის ოლიმპიადის პროგრამაში. სოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობას გამოაკლდება კაცების ერთი წონითი კატეგორია, ძალოსან ოლიმპიელთა საერთო რაოდენობა კი 64 სპორტსმენით შემცირდება (თავად IWF-მა უნდა გადაწყვიტოს, რომელ წონით კატეგორიას გააუქმებს 2020-წლის ოლიმპიადისთვის).

„ყველამ უნდა იმოქმედოს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, - განაცხადა სოკი-ს პრეზიდენტმა თომას ბახმა, - ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას მოუწევს 2017 წლის დეკემბრამდე წარმოგვიდგინოს სათანადო ანგარიში და გეგმა იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს ამ სახეობაში არსებულ მასშტაბურ დოპინგპრობლემასთან ბრძოლას. ჩვენ ძლიერი სიგნალი გავუგზავნეთ ძალოსნობას, როცა შევამცირეთ სპორტსმენების კვოტა ტოკიო-2020-სთვის."

2008 და 2012 წლების ოლიმპიურ თამაშებზე აღებული დოპინგ-სინჯების განმეორებითი ტესტირებისას, აკრძალული პრეპარატების მიღებაში ამხილეს 49 ძალოსანი, რასაც სოკ-ის მკაცრი რეაქცია მოჰყვა.

თავის მხრივ, IWF-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ყველა ღონეს ხმარობს დოპინგთან საბრძოლველად და დღეისათვის მისი პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია მსოფლიო სპორტში.

რამდენიმე დღის წინ IWF-ის პრეზიდენტად მეხუთე ვადით აირჩიეს 78 წლის უნგრელი  ტამაშ აიანი. ის 1970 წლიდან იყო IWF-ის აღმასკომის წევრი, 1976 წლიდან - გენერალური მდივანი, 2000 წლიდან კი პრეზიდენტია.

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გამართულ საარჩევნო კონგრეზე აიანმა 86 ხმა მიიღი, მისმა კონკურენტმა, ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ანტონიო ურსომ კი - 61. არჩევნებამდე ურსო აცხადებდა, რომ ძალოსნობაში დოპინგის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა რეალურ შედეგს იმ შემთხვევაში მოიტანს, თუ ფედერაციის დოპინგპროგრამის კონტროლი მთლიანად მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) ხელში გადავა. ამის გაკეთება აუცილებელია თუნდაც ეთიკური თვალსაზრისით. დოპინგი ძალოსნობის კიბოა და ჩვენ ის უნდა მოვკვეთოთ და დავამარცხოთ. IWF-ის ანტისადოპინგო პროგრამა არ წარმოადგენს დოპინგთან ბრძოლის სერიოზულ იარაღს. ფედერაციაში კიდევ ბევრი რამეა შესაცვლელი." 

 თომას ბახს ჟურნალისტებმა კითხვები დაუსვეს IWF-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. „ეს იყო დემოკრატიული არჩევნები და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მის შედეგებს, - ამბობს ბახი, - სოკ-ს 12-წლიანი საპრეზიდენტო ვადა აქვს და არაერთი ფედერაცია  ამ გზას დაადგა. გასაკვირი არ არის, რომ ამ თვალსაზრისით თავის დროზე  სოკ-მა მიიღო ძალიან გონივრული გადაწყვეტილება."