დავით სახვაძე ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

12 ივნისი 2017

თბილისში, ახალ ოლიმპიურ პარკში დღეს დაწყებულ მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატს წინ უძღოდა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში" გამართული  ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესი, რომელსაც თავმჯდომარეობდა კონფედერაციის პრეზიდენტი, ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი სტანისლავ პოზდნიაკოვი.

დელეგატებმა კენჭი უყარეს და მიიღეს კონფედერაციის წესდების კორექტირებული ვარიანტი. საბოლოოდ დადასტურდა, რომ გაისად კონტინენტის ჩემპიონატი გაიმართება ნოვი სადში (სერბეთი), 23-წლამდელთა ჩემპიონატს კი ერევანი უმასპინძლებს.

შემდეგ მოეწყო კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნის, ხაზინადარის და რამდენიმე კომისიის ხელმძღვანელთა შუალედური არჩევნები. კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით სახვაძე,  გენერალურ მდივნად - იაცეკ სლუპსკი, ხაზინადარად - ნუალა მაკგარიტი.