თეოდორა კახიანმა ხმლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

13 ივნისი 2017

თბილისის ოლიმპიურ პარკში მდებარე ტანვარჯიშის სასახლეში მიმდინარე მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე წარმატებული გამოდგა საქართველოსთვის: ხმლით ფარიკაობაში ისტორიული გამარჯვება და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა თეოდორა კახიანმა. მან ფინალურ შეხვედრაში ანგარიშით 15: 8 დაამარცხა გამოცდილი და ტიტულიანი იტალიელი მეტოქე როსელა გრეგორიო.

თეონა კახიანი 23 წლისაა, 2013 წლიდან ცხოვრობს და სწავლობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქამდე მნიშვნელოვანი სპორტული შედეგი არ ჰქონია. ამიტომაც, განსაკუთრებით სასიხარულო და იმედისმომცემია მისი წარმატება ევროპის ჩემპიონატზე.

- ქართულ ფარიკაობაში მნიშვნელოვანი პროგრესია და ეს ყველას ძალიან გვახარებს, - ამბობს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, - მინდა ევროპული გამარჯვება მივულოცო თეოდორას, რომელმაც საოცარი ბრძოლის უნარი და სპორტული ოსტატობა გამოავლინა. ვულოცავ მის მწვრთნელებს, ფარიკაობის ფედერაციას, ქართული სპორტის ყველა გულშემატკივარს. თეოდორა კახიანს და ჩვენი ნაკრების კიდევ რამდენიმე წევრს კარგი ოლიმპიური პერსპექტივა აქვს და ჩვენი საერთო ვალდებულებაა, მათ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი შემდგომ დაოსტატებაში და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვებაში.