კიმ ინ ჰანი სტუმრად ოლიმპიურ კომიტეტში

13 ივნისი 2017

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სტუმრად იმყოფებოდა კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კიმ ინ ჰანი, რომელსაც უმასპინძლეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა და გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა.

კორეელმა დიპლომატმა სეოკ-ის ხელმძღვანელებს მიაწოდა ინფორმაცია 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის პიონჩანგის მზადების თაობაზე და კმაყოფილება გამოთქვა, რომ ქართველი ოლიმპიელები, მსოფლიოს ასზე მეტის ქვეყნის სპორტსმენებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ამ დიდ შეჯიბრებაში. როგორც საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა აღნიშნა, პიონჩანგში თითქმის ყველაფერი მზად არის ოლიმპიელთა მისაღებად.

„241 დღე დარჩა თამაშების დაწყებამდე, - აღნიშნა კიმ ინ ჰანმა, - თუმცა უმთავრესი საორგანიზაციო საკითხები უკვე მოგვარებულია. სპორტსმენებისთვის მზად არის კომფორტული ოლიმპიური სოფელი, სრულ მზადყოფნაშია სპორტული  და სხვა დამხმარე ნაგებობები, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა თავად პიონჩანგის საქალაქო ინფრასტრუქტურა. მთელი კორეა დიდი ოლიმპიადის მოლოდინშია და იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი მაპინძლობით კმაყოფილნი დარჩებით."

ლერი ხაბელოვმა გაიხსენა მისი პირველი სტუმრობა კორეაში და მონაწილეობა სეულის 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში: „თქვენს ქვეყანას მასშტაბური  სპორტული შეჯიბრებების მასპინძლობის დიდი გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვარ, პიონჩანგის თამაშებიც მაღალ დონეზე ჩატარდება. ჩვენ უკვე მოვიპოვეთ პირველი ოლიმპიური ლიცენზია ფიგურულ ციგურაობაში, მთლიანობაში, ალბათ, ოთხი-ხუთი ოლიმპიელი გვეყოლება, ქართული ოლიმპიური დელეგაცია კი, დაახლოებით, 15-კაციანი იქნება. სამწუხაროდ, ხაფხულის თამაშებისგან განსხვავებით, ზამთრის ოლიმპიადებზე წარმატებით ვერ გამოვდივართ, თუმცა, ქვეყნის ახალ ხელისუფლებას და სპორტულ ორგანიზაციებს სერიოზული გეგმები აქვთ ზამთრის სპორტთან დაკავშირებით. ჩვენ ვაპირებთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ბაკურიანისა და გუდაურის კლიმატური პირობები ზამთრის  სპორტისა და სპორტული ტურიზმის განვითარებისათვის."

სეოკ-ის პრეზიდენტმა კორეელ სტუმარს გადასცა სამახსოვრო სუვენირი და ოლიმპიური ფოტოალბომი, კიმ იან ჰიმ კი მასპინძლებს „პიოჩანგ-2018"-ის თილისმა და ოლიმპიური სამკერდე ნიშნები უსახსოვრა.