გურამ კოსტავა - 80

15 ივნისი 2017

სეოკ-ი ულოცავს და აჯილდოებს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 80 წლის იუბილეს ულოცავს სახელოვან ქართველ  მოფარიკავეს გურამ კოსტავას, ღირსეულ პიროვნებას და მოქალაქეს, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია  ჩვენი სპორტის ისტორიაში.

გურამ კოსტავა  ქართველ მუშკეტერთა შორს ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დიდ საერთაშორისო სარბიელზე გამოიჩინა თავი და მსოფლიო ფარიკაობის ლიდერთა რიგებში დაწინაურდა. საბჭოთა კავშირის დაშნით მოფარიკავეთა ნაკრებთან ერთად, მან მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი მედალი (ვერცხლი) 1959 წელს მოიპოვა და იქიდან მოყოლებული, მთელი ათი წლის განმავლობაში, არაერთ წარმატებას მიაღწია: 1961 და 1967 წლებში ორჯერ გახდა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონი, ასევე აღებული აქვს ვერცხლისა და ბრინჯაოს კიდევ 5 მედალი, მათ შორის 2 მედალი - ინდივიდუალურ შეჯიბრებაში.

გურამ კოსტავა არის ერთადერთი ქართველი მოფარიკავე, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვება შეძლო პირად ტურნირში. ეს მოხდა 1964 წელს ტოკიოში, სადაც გურამმა მესამე ადგილი დაიკავა, 4 წლით ადრე რომში კი ასევე ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი ერგო გუნდურ შეჯიბრებაში.

ქართულ სპორტში და ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, დაბადების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით გურამ კოსტავა ჯილდოვდება ოლიმპიური ორდენით.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი