პან გი მუნს სოკ-ის ეთიკის კომისიის თავმჯდომარის პოსტი შესთავაზეს

16 ივნისი 2017

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა შესაძლოა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეთიკის კომისიის თავმჯდომარის პოსტი დაიკავოს. შეთავაზება მან უშუალოდ სოკ-ის პრეზიდენტისგან მიიღო.

„ბატონმა პან გი მუნმა კმაყოფილებით მიიღო შეთავაზება და გვაქვს პატივი წარვადგინოთ მისი კანდიდატურა, - განაცხადა თომას ბახმა, - ერთის მხრივ, ბატონ პანს აქვს საჯარო სამსახურში პატიოსნად, ანგარიშვალდებულად და  გამჭვირვალედ მუშაობის სანიმუშო გამოცდილება, ამავე დროს, ის არის ოლიმპიური მოძრაობის საუკეთესო მეგობარი."

თავის მხრივ, პან გი მუნი აცხადებს, რომ „ჩემთვის დიდი პატივი იქნება სოკ-ის ეთიკის კომისიის თავმჯდომარის პოსტზე არჩევა და მთელი პასუხისმგებლობით მოვეკიდები საქმეს. მრავალი წლის განმავლობაში გაერო და სოკ-ი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ, რათა ხელი შეგვეწყო  მშვიდობიანი და უკეთესი მსოფლიო წესრიგის დამკვიდრებისათვის."

73 წლის სამხრეთკორეელი დიპლომატი პან გი მუნი 2007-2016 წლებში ხელმძღვანელობდა გაეროს. თუ მის კანდიდატურას  2017 წლის სექტემბერში გასამართი სოკ-ის სესიის დელეგატები მხარს დაუჭერენ,  ეთიკის კომისიის თავმჯდომარის პოსტზე პან გი მუნი სენეგალელ იუსუპ ნდაის შეცვლის.