23 ივნისს, 11 საათზე, ბათუმის ბულვარში

20 ივნისი 2017

23 ივნისს მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, ფართოდ აღინიშნება საერთაშორისო ოლიმპიური დღე. ამასთან დაკავშირებით ჩვენი საიტისთვის კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა.

- ეს ტრადიცია სათავეს იღებს 1948 წლიდან და უკავშირდება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღს - 1894 წლის 23 ივნისს.  მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სწორედ ივნისის ბოლო დეკადაში ეწყობა ოლიმპიური კვირეულები, ტარდება სხავადასხვა შეჯიბრებები, 23 ივნისს კი იმართება მასობრივი მძლეოსნური გარბენი. ოლიმპიურ აქტივობებში მონაწილეობას ღებულობს მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის მილიონობით ადამიანი.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ამ საქმეში ჩავებით 1990-იანი წლებიდან, როცა ჩვენმა ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ადრე მთავარი ღონისძიებებს თბილისი მასპინძლობდა, თუმცა ბოლო წლებში საინტერესო ტურნირები ტარდება ასევე რეგიონებში. ტრადიციულად, აქტიურობით გამოირჩევიან სეოკ-ის იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აფხაზეთის, გურიის რეგიონალური ორგანიზაციები.

გადავწყვიტეთ, რომ წლევანდელი ოლიმპიური დღის მთავარი ღონისძიება - მასობრივი მძლეოსნური გარბენი ბათუმში ჩაგვეტარებინა. სამკილომეტრიანი გარბენი სტარტს აიღებს 23 ივნისს, 11 საათზე, ბათუმის ბულვარში, ქვიშის მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე, ფინიში კი დედაენის კოშკთან იქნება. ადგილობრივი სპორტული სკოლების მონაწილეობით ასევე მოეწყობა საჩვენებელი გამოსვლები სპორტის რამდენიმე სახეობაში, გაიმართება ოლიმპიური ვიქტორინა.

ოლიმპიური დღის შეჯიბრებებში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ასაკის ადამიანები, კულტურისა და სპორტის თვალსაჩინო მოღვაწეები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პარლამენტის წარმომადგენლები. საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში გვეხმარებიან ბათუმის მერია, აჭარის სპორტული ორგანიზაციები და ჩვენი პარტნიორი დეველოპერული კომპანია "სვეტი."აჭარის ტელევიზიით რამდენიმე დღეა გადის სარეკლამო კლიპი.

რიოს ოლიმპიადის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძე და ბრინჯაოს მედალოსანმა ირაკლი თურმანიძემ სურვილი გამოთქვეს აქტიურად ჩაერთონ ოლიმპიური დღის ღონისძიებებში, რასაც, რა თქმა უნდა, მივესალმებით. ისინი ჩვენთან ერთად იქნებიან პრესკონფერენციაზე, რომელიც ხვალ, 12 საათზე ჩვენს ოფისში გაიმართება. მერე ყველანი ერთად გავემგზავრებით ბათუმში და დავდგებით ოლიმპიური გარბენის სტარტზე.

შეჯიბრების მონაწილებს გადაეცემათ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დიპლომები და სპეციალური მაისურები, გამარჯვებულები კი დამატებით დაჯილდოვდებიან სოლიდური ფასიანი საჩუქრებით, ოლიმპიური ჩემპიონების ავტოგრაფებიანი სპორტული წიგნებით.

იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო ოლიმპიური დღე საინტერესოდ ჩაივლის და ხელს შეუწყობს ოლიმპიური ფასეულობების, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ჩვენს ქვეყანაში.