საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია სეოკ-ში

21 ივნისი 2017

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია. მედიის წარმომადგენლებს ქვეყნის სხადასხვა რეგიონში დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა ნონო სალუქვაძემ.

საერთაშორისო ოლიმპიური დღე აღინიშნება 1948 წლიდან, ყოველი წლის 23 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ-ი) დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით. მასობრივ ღონისძიებებში, რომლებიც სოკ-ის და მისი პრეზიდენტის - თომას ბახის პატრონაჟით იმართება, მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის ასეულ ათასობით მოქალაქე მონაწილეობს.

როგორც ელგუჯა ბერიშვილმა განაცხადა, ბოლო წლებში საერთაშორისო ოლიმპიური დღე საქართველოშიც ფართოდ აღინიშნება და სეოკ-ი აგრძელებს ამ ტრადიციას: "ბუნებრივია, ჩვენი ქვეყანაც უერთდება ამ დიდ ოლიმპიურ ზეიმს. ეს არის კარგი საშუალება საიმისიდ, რომ პოპულარიზაცია გავუწიოთ ოლიმპიურ ფასეულობებს, ჯანსაღი ცხოვრების წესს, სხვადასხვა თაობის რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავაბათ სპორტულ აქტივობებში. სწორედ ამ მიზნით საქართველოს არაერთ რეგიონში ჩატარდება ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ტურნირები, მთავარი ღონისძიება - მასობრივი მძლეოსნური გარბენი კი გაიმართება ბათუმში. ჩვენი ვარაუდით, სამკილომეტრიანი დისტანციის სტარტზე ხუთასზე მეტი მოხალისე დადგება."

ითქვა, რომ გარბენი სტარტს აიღებს 23 ივნისს, 11 საათზე, ბათუმის ბულვარში, ქვიშის მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე, ფინიში კი დედაენის კოშკთან იქნება. ადგილობრივი სპორტული სკოლების მონაწილეობით, ასევე მოეწყობა საჩვენებელი გამოსვლები სპორტის რამდენიმე სახეობაში, გაიმართება ოლიმპიური ვიქტორინა.

ოლიმპიური დღის შეჯიბრებებში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ასაკის ადამიანები, კულტურისა და სპორტის თვალსაჩინო მოღვაწეები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პარლამენტის წარმომადგენლები.

გარბენში ჩაერთვება რვაგზის ოლიმპიელი, სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი ნინო სალუქვაძეც: "ჩემი აზრით, პირადი მაგალითი ყველაზე კარგი საშუალებაა ახალგაზრდების სპორტულ ცხოვრებაში ჩასართველად. ამიტომაც მივემგზავრები ბათუმში. ჩემთან ერთად ირბენს კიდევ რამდენიმე ოლიმპიური ჩემპიონი და პრიზიორი. მოვუწოდებ ყველას, დადგნენ ჩვენს გვერდით, გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები, დაუმეგობრდნენ სპორტს."

შეჯიბრების მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დიპლომები და სპეციალური მაისურები, გამარჯვებულები კი დამატებით დაჯილდოვდებიან სოლიდური ფასიანი საჩუქრებით, ოლიმპიური ჩემპიონების ავტოგრაფებიანი სპორტული წიგნებით.

პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ბათუმში, ოლიმპიურ გარბენში მონაწილეობას ვერ შეძლებს რიოს ოლიმპიადის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე. მას გუშინ საღამოს განუვითარდა მწვავე აპენდიციტი და სეოკ-ის პარტნიორის - კომპანია "ავერსის" კლინიკაში სასწრაფოდ ჩაუტარდა ოპერაცია.  

სეო-კის ხელმძღვანელებმა ლაშა ტალახაძეს მალე გამოჯანმრთელება და ახალი სპორტული წარმატებები უსურვეს.