23 ივნისი - საერთაშორისო ოლიმპიური დღე

23 ივნისი 2017

დღეს საქართველოს ათეულობით ქალაქში გაიმართა სერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომლებშიც სხვადასხვა თაობის ათასობით  ადამიანი მონაწილეობდა.

ოლიმპიური დღის ტურნირების ორგანიზატორი იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და მისი რეგიონალური ორგანიზაციები. მთავარი ღონისძიება - მასობრივი ოლიმპიური გარბენი ჩატარდა ბათუმში. სამკილომეტრიანი დისტანციის სტარტზე დადგნენ სპორტის მოყვარულები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან. მორბენალთა შორის იყვნენ ასევე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტები -ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი, საერთაშორისო სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური ოჯახის წევრებთან ერთად, აჭარის მთავრობის და ბათუმის მერიის წარმომადგენლები, ადგილობრივი სპორტული ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

 გარბენი დაიწყო ბათუმის ქვიშის მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე, ფინიში კი  დედაენის კოშკთან შედგა. ცალ-ცალკე აღირიცხებოდა ქალთა და კაცთა შედეგები. ქალთა შორის საპრიზო ადგილები აჭარელმა მორბენლებმა - ნატალია ბიაჩუევამ, მარი გამგონეიშვილმა და გურანდა გაბიტაძემ გაინაწილეს. კაცთა შორის საუკეთესო დრო აჩვენა თბილისელმა დავით აბესაძემ, რომელმაც ზედ ფინიშთან გადაასწრო მეორე ადგილზე გასულ დუშელ მორბენალს გიორგი შეკრელიძეს. მესამე ადგილი ერგო ბათუმელ მამუკა ზაქარაძეს.

დაჯილდოების ცერემონიალს უძღვებოდა სეოკ-ის პირველი ვიცე პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი. გარბენში მონაწილეებს მიესალმნენ სეოკ-ის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეიშვილი და სეოკ-ის სპონსორი დეველოპერული კომპანია „სვეტის" გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანელიძე. 

ქალთა და მამაკაცთა შორის გამარჯვებულებს გადაეცათ სწორედ  „სვეტის" მიერ დაწესებული სოლიდური ფსიანი საჩუქრები, პრიზიორებმა ასევე მიიღეს სპეციალური პრიზები და სეოკ-ის ოლიმპიური გამოცემები, შეჯიბრების თითოელ მონაწილეს გადაეცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერთიფიკატი.

ლერი ხაბელოვმა საიუბილეო საჩუქარი გადასცა გარბენის მონაწილეს, ოლიმპიურ ჩემპიონს ვახტანგ ბლაგიძეს, რომელსაც 23 ივნისს 63 წელი შეუსრულდა.