ოლიმპიური დღის ექო

27 ივნისი 2017

საერთაშორისო ოლიმპიური დღის ღონისძიებები მთელი ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა, მთავარ შეჯიბრებას - ოლიმპიურ გარბენს კი, როგორც უკვე ვწერდით, ბათუმმა უმასპინძლა.

 ხალხმრავლობა იყო სხვა რეგიონებშიც. მაგალითად, მასობრივი ოლიმპიური ტურნირები მოეწყო იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში. როგორც იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რეზო რობაქიძემ გვაცნობა, სხვადასხვა შეჯიბრება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა. ყველაზე ხალმრავალი და მრავალფეროვანი გამოდგა დიდ ჯიხაიშში და ზესტაფონში მოწყობილი დღესასწაული.  ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული იმერეთის გუბერნიის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, სპორტული ორგანიზაციები. დიდ ჯიხაიშში, გარდა ოლიმპიური გარბენისა, მოეწყო  შეჯიბრებები ჭადრაკში, კალათბურთში, ფეხბურთში, გაიმართა ოლიმპიური ვიქტორინა,  საჩვენებელი გამოსვლები ბალახის ჰოკეიში და აკრობატიკაში, ოლიმპიურ თემატიკაზე შექმნილი ნუმიზმატური დანიშნულების ფულადი ნიშნებისა და ოლიმპიური  ნახატების გამოფენა.

ნიკო ნიკოლაძის  სახლმუზეუმის ტერიტორიაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ თვალი ედევნებინათ დიდი ჯიხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სპექტაკლისთვის, რომელიც ირაკლი ლომოურის წიგნის _ ,,მოგზაურობა ოლიმპიეთში" _მიხედვით დაიდგა. სიმბოლურია, რომ ოლიმპიური დღე ასე ფართოდ აღინიშნა სწორედ ნიკოლაძეების მშობლიურ სოფელში. ამ დიდი ოჯახის გამორჩეულმა წარმომადგენელმა, გიორგი ნიკოლაძემ შექმნა პირველი ქართული სპორტული ლექსიკონი, სატანვარჯიშო საზოგადოება „შევარდენი",ალპინისტური კლუბი, მოაწყო პირველი სპორტული ასვლა მყინვარწვერზე. ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო ნიკოლაძეების შთამომავალმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა სალომე ზურაბიშვილმა.

საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი სპორტული შეჯიბრებები გაიმართა სამეგრელოს 8 ქალაქში. რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის დავით კილასონიას თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება და სპორტული ორგანიზაციები გულისყურით მოეკიდნენ საქმეს და ერთობლივი ძალისხმევით ხალხმრავალი სპორტული გარბენები და სხვა სპორტული აქტივობები მოეწყო ხობში, სენაკში, ჩხოროწყუში, სხვა ცენტრებში. მონაწლეებს დაურიგდათ სოკ-ის სერთიფიკატები, მაისურები, პრიზები.