ჩრდილოეთ კორეა პიონჩანგში ერთიანი გუნდით გამოსვლაზე უარს აცხადებს

28 ივნისი 2017

ჩრდილოეთ კორეამ უარი განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტ   მუნ ჩჟე ინის  შეთავაზებაზე, „პიონჩანგ-2018"-ში ერთიანი გუნდით  მონაწილეობის შესახებ.

2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის გაერთიანებული გუნდით ასპარეზობის შესახებ განცხადება კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამხრეთ კორეის ქალაქ მუჯუში ტაეკვანდოს მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე გააკეთა. მისივე თქმით, „პიონჩანგ-2018"-ში ჩრდილოეთ კორეის ნაკრების მონაწილეობა ხელს შეუწყობს კონსოლიდაციასა და  მშვიდობის გამყარებას კორეის ნახევარკუნძულზე.

უფრო ადრე კორეის სპორტის მინისტრმა დო ჩონ ხვანმა განაცხადა, რომ მზად არიან ჩრდილოეთ კორეას შესთავაზონ ერთიანი გუნდით მონაწილეობა მიიღონ სათხილამურო შეჯიბრებებში. გარდა ამისა, სამხრეთ კორეა  ჩრდილოეთ კორეას სთავაზობს საოლიმპიადოდ შექმნან ქალთა ჰოკეის ერთიანი გუნდი.

ჩრდილოეთ კორეა კატეგორიულ უარს აცხადებს ზამთრის ოლიმპიადაზე  ერთიანი ნაკრებით  გამოსვლაზე.

„ჩვენ არ გვაქვს დრო მოლაპარაკებებისა და ერთიანი ოლიმპიური გუნდის ფორმირებისთვის. ეს თემა დახურულია," _ ამბობს  ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელი სოკ-ში ჩენ უნი.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეის და ჩრდილოეთ კორეის დელეგაციები ერთიანი შემადგენლობით გამოვიდნენ 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე.