ქართველმა ძიუდოისტებმა პრაღაში გაიბრწყინეს

27 თებერვალი 2012

ამ უქმეებზე ჩეხეთის დედაქალაქმა პრაღამ ძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშებას უმასპინძლა, სადაც ბედი 20 ქართველმა კიმონოისტმა სცადა. პეტერ ზაიზენბახერის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა პრაღაში გაშლილ ტატამზე სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვეს და პირველ გუნდურ ადგილსაც დაეპატრონნენ.

კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავთათუაშვილი ავიდა, რომელმაც ბრწინვალე ჭიდაობა აჩვენა და ოქროს მედალსაც დამსახურებულად დაეუფლა. ასპარეზობის მეორე დღეს შავდათუაშვილისგან ესტაფეტა 16 წლის ბექა ღვინიაშვილმა გადაიბარა. მართალია ბექამ ოქროს მედალი ვერ მოიპოვა, მაგრამ ახალგაზრდა სპორტსმენისგან არც ვერცხლის მედალი უნდა იყოს ურიგო შედეგი, რომელმაც თავისზე გამოცდილ მეტოქეებს ნამდვილი მასტერკლასი ჩაუტარა და მხოლოდ ფინალში დამარცხდა.

ბრინჯაოს მედალი მძიმეწონოსანმა ადამ ოქრუაშვილმა დაისაკუთრა, რომელიც მიმდინარე სეზონს წინა წლებისგან განსხვავებით აშკარად მაღალ დონეზე ატარებს.
ქართველ ძიუდოისტებს ოლიმპიურ თამაშებამდე ევროპის ჩემპიონატის სახით კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გამოცდა ელით, რომელსაც აპრილის ბოლოს რუსეთი უმასპინძლებს.