სოკ-ის საკოორდინაციო კომისია ტოკიოში

30 ივნისი 2017

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისის წევრები მეოთხედ ჩავიდნენ ტოკიოში, რათა ადგილზე გაცნობოდნენ 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პროცესს.

კომისიის თავმჯდომარე, სოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯონ კოუტსი კმაყოფილია ტოკიოს სამზადისით: „ჩვენ სამი დღის განმავლობაში გვქონდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, დავესწარით დეტალურ პრეზენტაციებს. ჩვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ინოვაციურმა გეგმამ, რომელიც თამაშებში ახალი აუდიტორიის ჩართვას ითვალისწინებს. ტოკიო-2020 გვთავაზობს მართლაც უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც სარგებელს მოუტანს სპორტსმენებს და თამაშებში ჩართულ თითოეულ ადამიანს. ჩვენ  მოვინახულეთ წინსწრებით მშენებარე საწყლოსნო ცენტრი,  ვნახეთ პროგრესი ოლიმპიური სოფლის მშენებლობაზე და  ვიყავით ეროვნულ სტადიონზე, რომელიც უკვე ამოიზარდა მიწიდან.  აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის მზად იქნება 2019 წლის ნოემბრისთვის."

სამდონიანი ახალი ეროვნული სტადიონი, რომლიც ძველი სტადიონის ტერიტორიაზე შენდება,  60 ათას მაყურებელს დაიტევს. აქ ჩატარდება ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიალი და მძლეოსანთა შეჯიბრება.

კოუტსმა ასევე კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ადგილობრივი ხელისუფლება, საორგანიზაციო კომიტეტი და სპორტული ორგანიზაციები, როგორც ერთი გუნდი, ისე მუშაობენ, რაც სასიამოვნო სიახლე იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის.

ტოკიოში გამართული შეხვედრების დროს გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესია წრიული გზის მშენებლობა, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს ოლიმპიური პარკი, ოლიმპიური სოფელი და სოკ-ისთვის განკუთვნილი სასტუმროები.  გზის მშენებლობა შეფერხდა იმის გამო, რომ გაჭიანურდა გადაწყვეტილების მიღება ტოკიოს ცნობილი თევზის ბაზრის _„ცუკიძის" გადატანის შესახებ.

სოკ-ის საკოორდინაციო კომისიისა და „ტოკიო-2020"-ის დასკვნით პრესკონფერენციაზე საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ იოშირო მორიმ ტოკიოს ხელისუფლებას მოუწოდა მორიგ სხდომაზე წარსადგენად მომზადდეს წრიული გზის მშენებლობის ერთობლივი გეგმა და ქალაქის ოლიმპიური ინფრასტრუქტურის განვითარების სოკ-თან შეთანხმებული საბოლოო, დაზუსტებული პროექტი.