შეხვედრა სეულში

03 ივლისი 2017

სეულში გაიმართა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის  მუნ ჩჟე ინის და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის შეხვედრა. საუბრის ძირითადი თემა იყო მზადება  ზამთრის 23-ე ოლიმპიური თამაშებისთვის, რომელიც  სამხრეთკორეულ პიონჩანგში 2018 წლის 9-25 თებერვალს გაიმართება. ორივე პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ოლიმპიადისთვის სამზადისი კარგად მიდის და წინ გველოდება მაღალ დონეზე ორგანიზებული ზამთრის სპორტის დიდი დღესასწაული.

როგორც პრეზიდენტმა მუნმა განაცხადა, ის სრულ მხარდაჭერას უცხადებს „პიონჩანგ-2018"- ის საორგანიზაციო კომიტეტს და მოუთმენლად ელის მსოფლიოს უძლიერეს სპორტსმენებთან შეხვედრას, რომელიც საუკეთესო კორეული სტუმართმოყვრული ტრადიციების შესაბამისად, მეგობრულ და უსაფრთხო გარემოში გაიმართება.

შეხვედრაზე თომას ბახმა აღნიშნა,  რომ „სატესტო ღონისძიებებმა წარმატებით ჩაიარა. მე სრულად ვენდობი საორგანიზაციო კომიტეტს, რომელიც ასევე წარმატებულ  ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს ჩაატარებს."

ლიდერებმა გამოთქვეს რწმენა, რომ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად კორეაში ჩავლენ მრავალი ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური დელეგაციები.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა წლეულს, თებერვალში თამაშებზე ოფიციალურად მიიწვია ყველა წევრი ქვეყნის, მათ შორის ჩრდილოეთ კორეის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ამას გარდა, სოკ-ი ეხმარება რდილოეთ კორეელ სპორტსმენებს, რათა მათ შეძლონ საკვალიფიკაციო ბარიერის დაძლევა.

„ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს შეუძლია ხელი შეუწყოს ორი კორეის დაახლოებას და თანამშრომლობას, ასევე მშვიდობას კორეის ნახევარკუნძულზე," - განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, რომელმაც  რამდენიმე დღის წინ  ჩრდილოეთ კორეას შესთავაზა პიონჩანგში გაერთიანებული გუნდით გამოსვლა.

თომას ბახმა მაღალი შეფასება მისცა  მუნ ჩჟე ინის ინიციატივას, თუმცა ჩრდილოეთ კორეამ უარი განაცხადა ამ  შეთავაზებაზე.