გამოქვეყნდა სოკ-ის შეფასების კომისიის ანგარიში

05 ივლისი 2017

გამოქვეყნდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შეფასების კომისიის ანგარიში, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების მიერ გაწეული მრავამხრივი საქმიანობა. სოკ-ის კომისია მაღალ შეფასებას აძლევს პარიზისა და ლოს-ანჯელესის საგანაცხადო კომიტეტების მიერ ჩატარებულ მოსამზადებელ სამუშაოებს.

„ჩვენს ანგარიშში საუბარია ორ უდიდეს ოლიმპიურ ქალაქზე. მათ მიერ წარმოდგენილი პროექტები, თავისი არსით, განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ თითოეული ქალაქი გვთავაზობს საუკეთესო პირობებს, - აცხადებს შეფასების კომისიის თავმჯდომარე პატრიკ ბაუმანი.

კომისიის ანგარიში იქნება მთავარი დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც სოკ-ის წევრები გამოხატავენ თავიანთ პოზიციას კანდიდატი ქალაქების მიმართ 12-12 ივლისს ლოზანაში დაგეგმილ სოკ-ის რიგგარეშე სესიაზე. სოკ-ის მაღალჩინოსნების წინაშე დასკვნითი პრეზენტაციებით წარსდგებიან კანდიდატი ქალაქების წარმომადგენლები, საბოლოო ოფიციალური კენჭისყრა კი გაიმართება პერუს დედაქალაქ ლიმაში, 2017 წლის 13 სექტემბერს.

როგორც ცნობილია,  ლიმაში ერთდროულად გამოცხადდება 2024 და 2028 წლების მასპინძელი ქალაქების ვინაობა.