სოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა

10 ივლისი 2017

9-10 ივლისს ლოზანაში გაიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა. საბჭოს წევრების წინაშე მოხსენებებით გამოვიდნენ ზამთრისა და ზაფხულის მომავალი ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტების წარმომადგენლები, ასევე სოკ-ის საკოორდინაციო კომისიების ხელმძღვანელები.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, „ტოკიო-2020"-მა გააძლიერა ძალისხმევა ბიუჯეტის ეფექტურად და ეკონომიურად ხარჯვის მიმართულებით, ასევე იმისათვის, რომ მთელი იაპონია ჩართული იყოს წინასაოლიმპიადო  პროგრამებში. საბჭომ ქალაქ კაშიმას სტადიონი  ჩართო იმ ობიექტების ნუსხაში, სადაც ჩატარდება ოლიმპიური საფეხბურთო ტურნირი.

„პიონჩანგ-2018"-ის აღმასრულებელი კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ჯაე-იულ კიმმა ისაუბრა ზამთრის 23-ე ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებაში მიღწეულ პროგრესზე. პიონჩანგში წარმატებით ჩაიარა 22-მა სატესტო შეჯიბრებამ ზამთრის სპორტის ოლიმპიურ სახეობებში, ამოქმედდა ახალი გეგმა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საუკეთესო პირობები სპორტსმენებისა და გულშემატკივრებისთვის. ოლიმპიური სოფელი და მედია სოფელი, რომელთა საცხოვრებელი აპარტამენტები უკვე გაიყიდა, მზად არის სტუმრების მისაღებად.

სოკ-ის საკოორდინაციო   კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრე ჟუკოვმა ყურადღება გაამახვილა პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელიც მოიცავს შეჯიბრების ადგილის გენერალური გეგმის დასრულებას, გამოცდილი სპორტული მენეჯერების შესარჩევად საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებთან თანამშრომლობას, იმ კონცეფციის შემდგომ განვითარებას, რომელიც ითვალისწინებს „მწვანე, ინკლუზიური, ღია და სუფთა" ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარებას.

სოკ-ის აღმასრულებელმა საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა 2017 წლის მარტში შექმნილი  დოპინგის ტესტირების ახალი დამოუკიდებელი ორგანიზაციის - ITA-ს საქმიანობის მოდელი. ITA, როგორც არაკომერციული დამოუკიდებელი ინსტიტუტი დოპინგ-კონტროლის მომსახურებას გაუწევს საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს და დიდი შეჯიბრებების ორგანიზატორებს, რათა დაცული იქნას მსოფლიოს ანტისადოპინგო კოდექსი.

სოკ-ი ს მიერ მიღებული  12-პუნქტიანი დეკლარაციის - სამოქმედო გეგმის თანახმად, ITA შეიმუშავებს ტესტირების დეტალურ გეგმას საერთაშორისო ფედერაციებისთვის, არა მხოლოდ სპორტის სახეობების მიხედვით, არამედ - ცალკეული დისციპლინებისთვისაც. სპორტსმენი, რომელიც  მონაწილეობს საერთაშორისო შეჯიბრებაში, ვალდებული იქნება ჩაიტაროს გარკვეული ტიპის მინიმალური დოპინგ-ტესტი. თუ სპორტსმენი უარს იტყვის შემოწმებაზე, არ  დაიშვება ოლიმპიურ თამაშებსა და სხვა დიდ საერთაშორისო შეჯიბრებებზე.  ITA-ს ტესტირების  შესრულებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრებათ  ნაციონალურ ანტისადოპინგო სააგენტოებს.