ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები თბილისის საკონცერტო დარბაზის მონიტორზე

11 ივლისი 2017

თბილისის საკონცერტო დარბაზის ფასადზე დამონტაჟებულ დიდ სარეკლამო მონიტორზე რამდენიმე დღეა გადის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ დამზადებული სარეკლამო კლიპი 36  ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონზე. კლიპების კოლაჟი 7 ბლოკად არის დაყოფილი და აერთიანებს ვიდეო და ფოტომასალას, ასევე ძირითად ინფორმაციას  ჩემპიონების შესახებ. ეს პროექტი ექვს თვეს გასტანს.

- ეს არის ოლიმპიური კომიტეტის კიდევ ერთი საინტერესო ინიციატივა, რომელიც ხორციელდება ჩვენი პარტნიორი კომპანიის „აუთდორ.ჯი"-ს ხელშეწყობით,  -გვითხრა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, - ჩვენი მიზანია წარმოვაჩინოთ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენი დიდი ჩემპიონები, ამასთანავე პოპულარიზაცია გავუწიოთ ქართულ სპორტს და ოლიმპიურ მოძრაობას. საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე  მუდამ ხალხმრავლობაა და ბევრი ადამიანი, მათ შორის ჩვენი ახალგაზრდობა, თვალს შეავლებს ქართველი სპორტსმენების ოლიმპიადებზე გამოსვლის ამსახველ კადრებს, გაიხსენებს სხვადასხვა თაობის ოლიმპიელებს. ქართულ სპორტს მართლაც მდიდარი ისტორია აქვს - ჩვენ ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და გვეამაყებოდეს.