სეოკ-ის მილოცვა

13 ივლისი 2017

დღეს 48 წლისა გახდა სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონი, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, სეოკ-ის აღმასკომის წევრი კახი კახიაშვილი.

კახის  განსაკუთრებული ადგილი უკავია მსოფლიოს ძალოსნობის ისტორიაში, უნიკალურია მისი სპორტული მიღწევები ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე. ძალოსნობის დიდების დარბაზის წევრი, ყველა უმაღლესი ტიტულის არაერთგზის მფლობელი და მრავალი რეკორდის ავტორი დიდი პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობს სპორტულ სამყაროში.

კახი კახიაშვილმა, ჯერ როგორც ლეგენდარულმა სპორტსმენმა, მერე კი წარმატებულმა სპორტულმა მენეჯერმა,  სახელი და აღიარება მოუტანა ქართულ სპორტს.

ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მის უნარიან და ნაყოფიერ საქმიანობას უკავშირდება ჩვენი სპორტსმენების ბოლოდროინდელი მიღწევები სხვადასხვა რანგის ტურნირებში, მათ შორის _ ოლიმპიურ თამაშებზე. სწორედ მისი ძალისხმევის შედეგია, რომ საქართველოში ზედიზედ ჩატარდა რამდენიმე უმაღლესი დონის შეჯიბრება, არნახულად გაიზარდა ძალოსნობის პოპულარობა, ქვეყნის ათეულობით ქალაქში შეიქმნა ძალოსნობის ცენტრი.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დაბადების დღეს ულოცავს კახი კახიაშვილს, ჯანმრთელობას და ახალ წარმატებებს უსურვებს მას.