ქვიშის სპორტის სახეობათა ეროვნული ასოციაციის დამფუძნებელი ყრილობა სეოკ-ში

18 ივლისი 2017

დღეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში გაიმართა ქვიშის სპორტის სახეობათა ეროვნული ასოციაციის დამფუძნებელი ყრილობა, რომელშიც მონაწილეობდნენ სპორტული ფედერაციების და ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქვეყნის რეგიონებიდან წარგზავნილი დელეგატები.

ყრილობა გახსნა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. მან ისაუბრა ქვიშის სპორტის მზარდ პოპულარობაზე და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის (ANOC) საინტერესო ინიციატივაზე, 2019 წელს აშშ-ს ქალაქ სან დიეგოში ჩაატაროს ქვიშის პირველი მსოფლიო თამაშები.

"ჩვენ მხარი უნდა ავუბათ ამ წამოწყებას და აქედანვე შევუდგეთ მზადებას პირველი თამაშებისთვის, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ჩატარდება. საქართველო ზღვის ქვეყანაა, არაერთი სპორტული ფედერაცია ანვითარებს ქვიშის სახეობებს, გვაქვს სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობის გამოცდილება, რაც კარგი საფუძველია იმისთვის, რომ უფრო მეტად განვავითაროთ ქვიშის სპორტი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ქვიშის სპორტის სახეობათა ასოციაციაციის დაფუძნება, რომელმაც კოორდინაცია უნდა გაუწიოს ცალკეული სპორტული ფედერაციების ძალისხმევას, ხელი შეუწყოს მათ საიმისოდ, რომ მოამზადონ ეროვნული ნაკრები გუნდები სხავადასხვა შეჯიბრებებისთვის, უპირველესად კი - მსოფლიოს თამაშებისთვის,"- განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

შეკრებილებს ANOC-ის ქვიშის პირველი მსოფლიო თამაშების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა.

შემდეგ გაიმართა არჩევნები. ყრილობის დელეგატებმა საქართველოს ქვიშის სპორტის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტად ერთხმად აირჩიეს ლაშა ლომიძე. მან დელეგატებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, გააცნო წინასწარი სამოქმედო გეგმა და იმედი გამოთქვა, რომ ოლიმპიურ კომიტეტთან, სპორტის სამინისტროსთან და სპორტულ ფედერაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ასოციაცია შეძლებს დასახული მიზნების განხორციელებას.

ყრილობაზე ასევე აირჩიეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტები, გენერალური მდივანი და აღმასკომი 9 კაცის შემადგენლობით.