სეოკ-ის აღმასკომის სხდომა და ახალგაზრდული ოლიმპიური დელეგაციის უნგრეთში გაცილების ცერემონიალი

21 ივლისი 2017

სეოკ-ის შტაბ-ბინაში გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. გარდა აღმასკომის წევრებისა, სხდომას ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები.

სხდომაზე მოისმინეს სეოკ-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ორგანიზაციის ანგარიში ჩატარებული სამუშაოების შესახებ. აღმასკომის წევრებს ინფორმაცია წარუდგინა ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დავით კილასონიამ. მან ისაუბრა 2016-2017 წლებში რეგიონში ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებებზე და განხორციელებულ ოლიმპიურ პროექტებზე.

ითქვა, რომ სენაკში მოეწყო ორგანიზაციის ოფისი და მუზეუმი, მეორე წელია რეგიონში ფართოდ აღინიშნება საერთაშორისო ოლიმპიური დღე, იმართება მასობრივი ტურნირები შვიდკაცა რაგბიში, კალათბურთში, ლელობურთში, კარატეში და სპორტის სხვა სახეობებში. რამდენიმე საჯარო სკოლაში ჩატარდა ლექციების ციკლი ოლიმპიზმის ისტორიაზე, დარიგდა ოლიმპიური ლიტერატურა, მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში გაიმართა ხალხმრავალი შეხვედრა ოლიმპიურ ჩემპიონებთან და სხვა სახელოვან სპორტსმენებთან, ადგილობრივ სკოლებს გადაეცა სპორტული-ფორმა ინვენტარი.  წლეულს, ივნისში სენაკის სპორტის სასახლემ უმასპინძლა სპორტულ თამაშებს დევიზით - "ოლიმპიზმი გვაერთიანებს." ამ მასობრივი ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ სეოკ-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის, აფხაზეთის და იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციები.

აღმასკომის წევრებმა მოიწონეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ორგანიზაციის საქმიანობა. გამოითქვა სურვილი, რომ ოლიმპიურ მოძრაობაში  უფრო აქტიურად ჩაერთოს ზემო სვანეთი.

სხდომაზე დაამტკიცეს ევროპის მე-14 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მივლინებული საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა. უნგრეთის ქალაქ გიორში საქართველოდან 33 სპორტსმენი სპორტის 7 სახეობაში გამოვა (ძიუდო, მძლეოსნობა, სპორტული ტანვარჯიში, ჩოგბურთი, კანოე, ველოსპორტი, ცურვა). 61-კაციან დელეგაციაში ასევე არიან მწვრთნელები, ექიმები, მსაჯები, ადმინისტრაციული ჯგუფის წევრები, ფედერაციების და სპორტული უწყებების წარმომადგენლები. დელეგაციას საერთო ხელმძღვანელობას გაუწევს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიურ სოფელში კი მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.

ითქვა, რომ ჩვენს ახალგაზრდა სპორტსმენებს, მათს მწვრთნელებს ყველა პირობა ჰქონდათ იმისთვის, რომ მაქსიმალურად კარგად მომზადებულიყვნენ მომავალი მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვის. ფესტივალისთვის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებებს, შეჯიბრებებზე მივლინებებს, სპორტულ სამოსისა და აღჭურვილობის, ავიაბილეთების შეძენას, საორგანიზაციო და სხვა ხარჯებს სეოკ-ის წლიური ბიუჯეტის თითქმის ნახევარი მოხმარდა.

აღმასკომის სხდომაზე დაამტკიცეს სეოკ-ის 5 კომისიის ( ეთიკის, მასმედიის და ოლიმპიური მოძრაობის პროპაგანდის, ოლიმპიური განათლების, "ქალები და სპორტი," "სპორტი ყველასათვის") ხელმძღვანელები და პერსონალური შემადგენლობა.

შემდეგ აღმასკომის წევრებმა სეოკ-ის ეზოში გადაინაცვლეს, სადაც გაიმართა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის უნგრეთში გაცილების საზეიმო ცერემონიალი.

ღონისძიება იმით დაიწყო, რომ ლერი ხაბელოვმა ტრიბუნასთან იხმო თავისუფალი სტილის მოჭიდავე გიორგი გოგშელიძე.

"მაქვს პატივი შევასრულო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თხოვნა და გიორგი გოგშელიძეს გადავცე პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი. მან პეკინში მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ ნახევარფინალში მის მაშინდელ მეტოქეს განმეორებითი ტესტირებისას დოპინგი აღმოუჩინეს და ამდენი წლის შემდეგ სამართლიანობა აღსდგა - გიორგიმ ბრინჯაოს მედალი სოკ-ს დაუბრუნა, დღეს კი მას ვერცხლის მედალს გადავცემთ," - განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა.

სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა ახალგაზრდულ ფესტივალში მონაწილე ქართველი სპორტსმენები. მათ მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს ლერი ხაბელოვმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა შოთა ხაბარელმა. ცერემონილაზე სიტყვით გამოსულმა სეოკ-ის სპონსორი დეველოპერული კომპანია "სვეტის" გენერალურმა დირექტორმა თორნიკე ჯანელიძემ გამოაცხადა, რომ კომპანია ფესტივალის ქართველ ჩემპიონებს ფულად ჯილდოს გადასცემს.

შეკრებილებს მიესალმა და კეთილი სურვილებისთვის მადლობა გადაუხადა ძიუდოისტმა სოფიო სომხიშვილმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ თანატოლთა ევროპულ ჩემპიონატში გაიმარჯვა. სპორტსმენთა სახელით ოლიმპიური ფიცი დადო მძლეოსანმა გიორგი კეკიშვილმა.