სინქრონული ცურვა სახელს იცვლის

23 ივლისი 2017

სინქრონულ ცურვას სახელი შეეცვალა და ამიერიდან მხატვრულ ცურვად მოიხსენიება. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ცურვის საერთაშორისო ფედერაციის (FINA) კონგრესმა, რომელიც ბუდაპეშტში გაიმართა.

ამ ინიციატივას არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავდა, თუმცა დელეგატების უმრავლესობამ რებრენდინგს დაუჭირა მხარი.

"დასახელება იმიტომ შევცვალეთ, რომ ახალი იმპულსი მივცეთ ცურვის ამ სახეობის განვითარებას. ასე უფრო გასაგები და მისაღები იქნება მედიისთვის და საზოგადოებისთვის," - განაცხადა FINA-ას აღმასრულებელმა დირექტორმა კორნელ მარკულესკუმ.

FINA-ას ვიცე-პრეზიდენტი სემ რამზანი ამბობს, რომ ახალი დასახელება უფრო შეეფერება ცურვის ამ სახეობას და ამავე დროს გათვალისწინებულია მხატვრული ტანვარჯიშის გამოცდილება: "ვფიქრობთ, ცვლილება დაგვეხმარება რებრენდინგში და ხელს შეუწყობს მის პოპულარიზაციას."

სინქრონული (მხატვრული) ცურვა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში 1984 წელს შეიტანეს. 1992 წლამდე ოლიმპიური მედლები თამაშდებოდა ერთეულთა და წყვილთა თანრიგში. მას შემდეგ ოლიმპიური დისციპლინებია წყვილების და ჯგუფური გამოსვლები.

სოკ-ის ოლიმპიური პროგრამების კომისიამ არ დააკმაყოფილა ცურვის საერთაშორისო ფედერაციის თხოვნა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პროგრამაში დამატებით შერეულ წყვილთა შეჯიბრების ჩართვის თაობაზე.