2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 3 წელი რჩება

25 ივლისი 2017

3 წელი რჩება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე. ამასთან დაკავშირებით, „ტოკიო-2020"-ის საორგანიზაციო კომიტეტმა, იაპონიის ოლიმპიურმა და პარალიმპურმა კომიტეტებმა ტოკიოს მთავრობასთან ერთად სპეციალური ღონისძიება გამართეს. ტოკიოს ასამბლეის შენობის ფასადზე დამონტაჟებულ უზარმაზარ ეკრანზე წარმოდგენილ- იქნა თვალისმომჭრელი  ვიდეო-შოუ ეფექტური მუსიკის თანხლებით. ვიდეორგოლი ასახავს 2020 წლის ოლიმპიადის დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებს, მოგვითხრობს მომავალ თამაშებამდე და უშუალოდ თამაშების მიმდინარეობის დროს დაგეგმილ საინტერესო ღონისძიებებზე, ოლიმპიური მოძრაობის ფასეულობებზე, სპორტის გამაერთიანებელ ძალაზე.

„სამნახევარი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც შეიქმნა ჩვენი კომიტეტი. მაშინ სულ 44 თანამშრომელი გვყავდა, დღეისათვის კი მათი რიცხვი 1200-მდე გაიზარდა. თამაშების დაწყებამდე სამი წელი რჩება, საქმე კი ყოველდღიურად გვემატება. თითოეული ცალკეული პროექტისთვის ჩვენთან შექმნილია კომიტეტები, რომლებშიც გაერთიანდნენ იაპონიის საუკეთესო ექსპერტები. ჩვენ ყველანი ვმუშაობთ იმისთვის, რომ სამი წლის შემდეგ თავაწეულები მივესალმოთ ჩვენს სტუმრებს მთელი მსოფლიოდან და შევთავაზოთ ყველაზე თვალწარმტაცი დღესასწაული,"- განაცხადა  „ტოკიო-2020"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ იოშირო მორიმ.