ანტიდოპინგური სემინარი სეოკ-ის პატრონაჟით

26 ივლისი 2017

დღეს წყნეთში, სასტუმრო „კოპალას" საკონფერენციო დარბაზში დაიწყო წარმომადგენლობითი ანტიდოპინგური სემინარი, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით, საერთაშორისო ოლიმპიური სოლიდარობის მხარდაჭერით და საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს ორგანიზებით ტარდება. 

სამდღიან სემინარზე განიხილავენ სპორტში დოპინგის პრობლემებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს, შეიმუშავებენ წინადადებების პაკეტს საკანონმდებლო დონეზე რეგულაციების დაწესების და სხვა აუცილებელი დოპინგსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობენ ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს, ევროსაბჭოს  და იუნესკოს დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციების მონიტორინგის ჯგუფის წევრები. ქართულ მხარეს წარმოადგენენ სეოკ-ი, ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტო, სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა სამინისტრო, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, სპორტული ფედერაციები, უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფი, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო  რეგულაციების სააგენტო, სპორტული მედიცინის ასოციაცია.

საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგანტოს საქმიანობის შესახებ სემინარის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია წარუდგინა ამ სააგენტოს თავმჯდომარემ პავლე კასრაძემ.

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსმა ედიშერ მაჩაიძემ ისაუბრა დოპინგთან ბრძოლაში საკანონმდებლო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

 საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სახელით შეკრებილებს მიესალმა და მათს წინაშე ვრცელი მოხსენებით წარსდგა სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი.

მან ყურადღება გაამახვილა დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების აუცილებლობაზე, ამ მიმართებით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე და სეოკ-ის აქტივობებზე. ითქვა, რომ სულ უფრო აქტუალური ხდება დოპინგის პრობლემატიკა,  მსოფლიო სპორტში გახშირდა აკრძალული პრეპარატების გამოყენებისთვის სპორტსმენთა დისკვალიფიკაციის და საერთაშორისო ტურნირებში მოპოვებული მედლების ჩამორთმევის შემთხვევები.  სხვა შეჯიბრებებს თავი რომ დავანებოთ, ბოლო წლების ოლიმპიურ თამაშებზე განაწილებული მედლების საკმაოდ სოლიდური რაოდენობა  ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობს და მისამართს იცვლის. დოპინგსკანდალმა შელახა არაერთი სახელოვანი სპორტსმენის რეპუტაცია, რომელთა წარმატებული სპორტული კარიერა მრავალი წლის განმავლობაში სამაგალითო იყო ჩვენი ახალგაზრდობის, სპორტის მილიონობით გულშემატკივრისთვის. დისკვალიფიცირებულთა შორის არიან ათეულობით ქვეყნის სპორტსმენები. მათ შორის, სამწუხაროდ, არიან ქართველებიც.

„ამ მეტად დამაფიქრებელი სურათის შეცვლა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად თანმიმდევრული და პრინციპული იქნება თითოეული ჩვენგანი დოპინგთან ბრძოლაში, - აღნიშნა ბერიშვილმა, - ეს ბრძოლა, აუცილებლად და უეჭველად, ჯანსაღი და სამართლიანი სპორტის და სპორტსმენების გამარჯვებით უნდა დამთავრდეს. ამ შედეგის მიღწევა ადვილი არ იქნება. ამ საქმეს წინ ეღობება ცალკეული ანგარებიანი ადამიანებისა და ჯგუფების მერკანტელური, ფინანსურ-ეკონომიკური, კორპორატიული ინტერესები. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ არიან სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებში, საერთაშორისო და ეროვნულ სპორტულ ორგანიზაციებში, სამედიცინო დაწესებულებებში, მწვრთნელთა კორპუსში, ანტი-სადოპინგო სააგენტოებშიც კი. ისინი მოქმედებენ პრინციპით - „მიზანი ამართლებს საშუალებას."  მათთვის მთავარია ამწუთიერი გამარჯვება და აღიარება, პირადი ინტერესის დაკმაყოფილება. ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია,  მათ შორის - პატიოსანი თამაშის წესები, მოსალოდნელი სანქციები, შელახული რეპუტაცია, სპორტსმენის ჯანმრთელობა."

აღინიშნა, რომ ამ კატეგორიის ადამიანებისთვის სპორტსმენი მხოლოდ იარაღია მიზნის მისაღწევად. თუმცა, საბოლოოდ, სწორედ სპორტსმენი რჩება საზოგადოების პირისპირ, უმეტეს შემთხვევაში სწორედ მას ეკისრება ძირითადი პასუხისმგებლობა სხვადასხვა მანიპულაციებში მონაწილეობისა და აკრძალული სტიმულატორების გამოყენებისთვის. მას უწევს მედლების და დიპლომების დაბრუნება, ბოდიშის მოხდა გულშემატკივართა წინაშე, მონანიება ჩადენილი დანაშაულის გამო და ამ მძიმე ტვირთით ცხოვრება.

„ჩვენი პრევენციული ღონისძიებების მთავარი ადრესატები უნდა იყვნენ სწორედ სპორტსმენები, განსაკუთრებით ახალბედები, რომლებსაც გამოუცდელობის გამო ბოლომდე გაცნობიერებული არა აქვთ, რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს მათ ჯანმრთელობას, კარიერას და რეპუტაციას. მათ გასაგებად და დამაჯერებლად უნდა ავუხსნათ, რატომ უნდა თქვან უარი დოპინგის მიღებაზე," - განაცხადა ბერიშვილმა.

ოლიმპიური კომიტეტი ემიჯნება იმ ხალხს, ვინც ხელს უწყობს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ნებადართულია და, უფრო მეტიც, წახალისებულია დოპინგის გამოყენება, სადაც ადამიანურ ღირსებაზე და პატიოსნებაზე, ფეირ-პლეის პრინციპებზე მაღლა დგას პირადი გამორჩენის სურვილი. სწორედ ასეთი ადამიანების  კულუარული „თამაშების" შედეგად, საზოგადოების თვალში სერიოზული ზიანი ადგება სპორტის იმიჯს, ზოგადად სპორტულ და ოლიმპიურ მოძრაობას, როგორც მნიშვნელოვან სოციალურ და საზოგადოებრივ მოვლენას. ჩვენ არ გვჭირდება და არაფრად არ გვიღირს ნებისმიერი მედალი და გამარჯვება, რომელიც საეჭვო გზით იქნება მოპოვებული; ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო იმ ხალხთან, ვინც მრუდე გზას ადგას ან ამას მომავალში გეგმავს. ჩვენ ამ ხალხს განვიხილავთ, არა როგორც სპორტული საზოგადოების ნაწილს, არამედ როგორც ამ საზოგადოებაში შემთხვევით და დროებით მოსულ ადამიანებს. ჩვენ  მოვუწოდებთ სპორტსმენებს, მწვრთნელებს, სამედიცინო პერსონალს, სპორტულ ფედერაციებს დაიცვან პატიოსანი თამაშის წესები.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომა უცილებელია  საქართველოს კანონმდებლობა   მოყვანილ იქნას მოფლიოს ანტიდოპინგურ კოდექსთან, ევროსაბჭოს და იუნესკოს დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციებთან შესაბამისობაში: „ახლა აქტიურად მიმდინარეობს სპორტის შესახებ საქართველოს ახალი კანონის მომზადების პროცესი, მაშასადამე კარგი მომენტია იმისთვის, რომ შევიმუშაოთ და მივიღოთ სრულყოფილი და ქმედითუნარიანი დოკუმენტი, რომელშიც ნათლად  განისაზღვრება ყველა დაინტერესებული მხარის უფლება-მოვალეობა, დაცული იქნება ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს ინსტიტუციონალური და ორგანიზაციული დამოუკიდებლობა, სავალდებულო გახდება ეროვნული ანტიდოპინგური პროგრამის სრულყოფილი დაფინანსება."

ხვალ სემინარი გააგრძელებს მუშაობას, ზეგ კი დასკვნითი, შემაჯამებელი სხდომა გაიმართება.