ქართული ჰიმნი გიორის ოლიმპიურ პარკში

26 ივლისი 2017

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველთაგან  მეორე მედალი, ამჯერად - ოქროსი, კვლავ ჩვენმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს. გიორის ოლიმპიურ პარკში საქართველოს ჰიმნი 66 კგ წონაში მოასპარეზე გიორგი ჩიხელიძის გამარჯვების აღსანიშნავად აჟღერდა.  

ფესტივალის მესამე დღეს ჩვენი ძიუდოისტები (ერთი გოგონა, ორი ვაჟი) სამ წონით კატეგორიაში (52, 60 და 66 კგ) გამოვიდნენ.

 გიორგი ჩიხელიძემ ფინალურ შეხვედრამდე ოთხი მეტოქე დაამარცხა - ფინელი რუპ კორონენი, აზერბაიჯანელი გნიაზ მაჰმუდლუ, რუსეთის წარმომადგენელი კარენ გალსტიანი და ბელგიელი მალიკ უმაიევი (იპონით).  საჩემპიონო ბრძოლაში  მისი მეტოქე იყო  მოლდოველი პეტრუ პელივანი. ქართველმა ძიუდოისტმა ჯერ ვაზარი აიღო, მერე მოლდოველი ისევ ტატამზე დასცა, შებოჭა და   3 წუთსა და 44 წამში წმინდა გამარჯვება მოიპოვა.

ფესტივალის ქართველ ჩემპიონს და 66 კგ წონის სხვა პრიზიორებს მედლები საქართველოს ეროვნული ოლიმპირი კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გადასცა.

გურამ ძავაშვილმა (60კგ)  პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გადალახა, მაგრამ მეორე შეხვედრა აზერბაიჯანელ ვუსალ იბრაჰიმოვთან დათმო და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ოლიმპიურ ფესტივალზე ჩვენი ძუდოისტი გოგონებიდან დებიუტი ჰქონდა 52კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე  ეკატერინე ტატუნაშვილს. მან პირველი შეხვედრა სლოვენიელ თანატოლს იპონით მოუგო, შემდეგ კი რუს დარია კაშინასთან დამარცხდა.

ხვალ, 27 ივლისს გიორის ოლიმპიურ ტატამზე გავლენ  თინათინ რევაზიშვილი (57 კგ), მარიამ ჭანტურია (63 კგ), ლევან ფსუტური (73 კგ) და ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ).