ორმედლიანი დღე: მარიამ ჭანტურიას ოქრო და ვლადიმერ ახალკაცის ბრინჯაო

27 ივლისი 2017

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს გუნდს ძიუდოისტებმა კიდევ ორი მედალი შემატეს. დღეს თავი გამოიჩინეს მარიამ ჭანტურიამ (63 კგ) და ვლადიმერ ახალკაცმა (81 კგ). მარიამმა ყველა მეტოქე დაჯაბნა და გიორში მეორედ ააჟღერა ჩვენი ქვეყნის ჰიმნი, ახალკაცი კი პოდიუმის მესამე საფეხურზე შედგა.

მარიამ ჭანტურიამ საჩემპიონო გზა ბრწყინვალედ გაიარა: პირველ წრეში ხორვატი ლუსია გლუმაკი შებოჭა, შემდეგ კი - პორტუგალიელი ჯოანა კრისოსტომო. ნახევარფინალში ჩვენმა ძიუდოისტმა კოსოვოს წარმომადგენელს ლაურა ფაზლიუს დამატებით დროში იპონით სძლია. დაძაბული გამოდგა ფინალური შერკინება: მარიამი ევროპის ორგზის ჩემპიონს, სერბ ანია ობრადოვიჩს დაუპირისპირდა, ბოლო წამებზე მეტოქეს ვაზარი აუღო და ჩემპიონის ტიტული გაინაღდა.

ვლადიმერ ახალკაცმა (81) დილის პროგრამაში ორი შეხვედრა მოიგო, მეოთხედფინალში კი მოლდოველ იუგენ მატვეიციუსთან დამარცხდა, თუმცა მედლისთვის ბრძოლა რეპეშაჟში განაგრძო. დამამშვიდებელ ჯგუფში ახალკაცმა სამი შეხვედრიდან სამივე იპონით მოიგო და საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

დღესვე ტატამზე გავიდა საქართველოს ნაკრების კიდევ ორი წევრი - ლევან ფსუტური (73) და თინათინ რევაზიშვილი (57), მაგრამ მედალს ვერცერთი მათგანი ვერ შეწვდა. ფსუტურმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა, შემდეგ რუს თანატოლთან დანილ მატვეევთან დამარცხდა და დამამშვიდებელ წრეში გადაერთო. რეპეშაჟში ორი შეხვედრის მოგების შემდეგ, როდესაც წამები აშორებდა ბრინჯაოს მედალს, სამწუხარო მარცხი იწვნია და ასპარეზობა მეხუთე ადგილით დაამთავრა. თინათინ რევაზიშვილმა კი ახალგაზრდულ თამაშებზე მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგება შეძლო.

27 ივლისის მონაცემებით, საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ოქროს 2, ვერცხლის 1 და ბრინჯაოს 1 მედალი აქვს მოპოვებული და საერთო ჩათვლაში მე-12 პოზიცია უკავია.

ხვალ, ძიუდოისტთა ტურნირის ბოლო დღეს მედლებისთვის ბრძოლაში ჩაერთვებიან ევროპის წლევანდელი ჩემპიონი სოფიო სომხიშვილი (+73), მიხეილ ბექაური (90 კგ) და ლევან ჭელიძე (+100 კგ).