სეოკ-ის პატრონაჟით გამართული ანტიდოპინგური სემინარი კანონპროექტის შემუშავებით დასრულდა

28 ივლისი 2017

წყნეთში, სასტუმროკოპალას" საკონფერენციო დარბაზში სამ დღეს გრძელდებოდა წარმომადგენლობითი ანტიდოპინგური სემინარი, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით, საერთაშორისო ოლიმპიური სოლიდარობის მხარდაჭერით და საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა

სემინარის  მონაწილეებმა - პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის,  სეოკ-ის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს,  ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს, სპორტული ფედერაციების, უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფის, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო  რეგულაციების სააგენტოს წარმომადგენლებმა ცნობილ საერთაშორისო ექსპერტებთან, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს, ევროსაბჭოს  და იუნესკოს დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციების მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან ერთად განიხილეს სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის აქტუალური საკითხები.

სემინარზე იმსჯელეს ანტიდოპინგურ  ღონისძიებებზე და პროგრამებზე, ამ საქმეში ქვეყნის სამთავრობო და სპორტული ორგანიზაციების როლზე და პასუხისმგებლობაზე. ევროპის საბჭოს სპორტული კონვენციების დეპარტამენტის უფროსმა მენეჯერმა ლიენა კოზლოვსკამ ისაუბრა ევროსაბჭოს აქტივობებზე, წარმოადგინა მოწინავე პრაქტიკის მაგალითები;  მსოფლიოს ანდიდოპინგური სააგენტოს (WADA) უფროსმა მენეჯერმა ემილიანო სიმონელიმ სემინარის მონაწილეებს გააცნო WADA-ს მონიტორინგის პროგრამა და ახალი რეკომენდაციები კანონმდებლობის სფეროში;  WADA-ს სპეციალური ევროკომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ პიეჩოტამ  შეკრებილებს გააცნო ინფორმაცია რამდენიმე ევროპული ქვეყნის, მათ შორის პოლონეთის გამოცდილების შესახებ დოპინგთან ბრძოლაში; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა ვასილ ლიპარტელიანმა მიმოიხილა დოპინგის პრევენციისა და კონტროლის მექანიზმები. დიკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები.

სემინარზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა  მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე.

როგორც სემინარზე ითქვა, სპორტულ საქმიანობაში ჩართული ორგანიზაციები, მათ შორის - სამთავრობო და საკანონმდებლო სტრუქტურები უნდა გაერთიანდნენ იმისთვის, რომ უკომპრომისო ბრძოლა გამოვუცხადოთ დოპინგს, გავიზიაროთ საერთაშორისო გამოცდილება, შევიმუშაოთ და ავამოქმედოთ შესაბამისი საკანონმდებლო და ნორმატიული დოკუმენტები, ადექვატური სასჯელი დავაწესოთ მათთვის, ვინც აკრძალული სტიმულატორების გამოყენებით ცდილობს მიაღწიოს სპორტულ წარმატებას.

სემინარის ბოლო დღეს განიხილეს სამუშაო ჯგუფების საქმიანობის შედეგები, წარმოადგინეს შემუშავებული ანტიდოპინგური კანონპროექტი, რომელიც შემდგომი მსვლელობისთვის გადაეცემა შესაბამის უწყებებს.

სემინარში სეოკ-ს წარმოადგენდნენ პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.

„ჩვენვ ვიყავით  მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილე, რომელიც ანტიდოპინგური საკანონმდებლო აქტის მიღებით უნდა დასრულდეს. ეს იქნება ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი დოპინგთან ბრძოლაში. ჩვენ ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ,"- განაცხადა ბერიშვილმა შემაჯამებელ სხდომაზე. მან  ოლიმპიური კომიტეტის სახელით მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნულ ანტისადოპინგო სააგენტოს, მოწვეულ სტუმრებს, ტექნიკურ პერსონალს  შრომატევადი და ნაყოფიერი საქმიანობისათვის.

სემინარს უძღვებოდნენ საქართველოს ეროვნული ანტისადოპინგო სააგენტოს თავმჯდომრე პავლე კასრაძე და ვიცე-თავმჯდომარე თეიმურაზ უკლება.